ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია. ამაში ეჭვი, ალბათ, არც არავის ეპარებოდა. მთავარი იყო ოფიციალური დასტური და ეს დასტური ლაშამ 4 აგვისტოს მიიღო.
ახლა უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, პირველ დისციპლინაში, ატაცში, +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე ფიცარნაგზე სამჯერ გავიდა: ჯერ 208 კილოგრამი შტანგა ასწია, შემდეგ – 215, ბოლოს კი, 223 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ატაცის შემდეგ ტალახაძე (223) მეორეადგილოსან ირანელ ალი დაუდის (200) მთელი 23 კილოთი უსწრებდა. მესამე ადგილზე მყოფმა სირიელმა მან ასადმა 190 კილოგრამი დასძლია.
ჩანდა, რომ ადგილებიც ასევე გადანაწილდებოდა. სირიელმა და ირანელმა სპორტსმენებმა გამოსვლა რომ დაასრულეს (ისევე როგორც ატაცში), მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა ფიცარნაგზე ქართველი სპორტსმენი.
ლაშამ 245 კილოგრამით დაიწყო, რასაც მეორე მისვლაზე 10 კილოგრამი მოუმატა და ყველა დისციპლინაში (ატაცი, აკვრა, ორჭიდი) ოლიმპიური რეკორდი დაამყარა – 478.
ლაშამ ამის შემდეგ უკვე მსოფლიო რეკორდებს შეუტია – აკვრაში 265 კილოგრამი ასწია, რაც ჯამში 488 კილოგრამი გამოდგა.
ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციას უკვე შვიდი მედალი აქვს: ორი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.