ტაირონ მინგსმა თქვა, რომ ევრო 2020-ზე, ხორვატიასთან შეხვედრის წინ გაუჭირდა და ფსიქოთერაპევტის დახმარება დასჭირდა. „ასტონ ვილას“ მცველი პირველ ორ შეხვედრაში, ხორვატიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ, ჰარი მაგუაირს ცვლიდა.

მინგსმა გაიხსენა, თუ როგორ გაუჭირდა ინგლისელი გულშემატკივრის ეჭვთან გამკლავება. ფანების 90-95 პროცენტს არ სჯეროდა, რომ ის ღირსეულად შეძლებდა მაგუაირის შეცვლას.

„ხორვატიასთან პირველი შეხვედრის წინ მძიმე პერიოდი გადავიტანე. ვფიქრობ, ახლა გარეშე  ფაქტორების მიმართ გაცილებით მდგრადი ვარ, მაგრამ მაშინ ასე არ იყო. და ამის აღიარება არ მრცხვენია, რადგან იმ პერიოდში ჩემზე ათას რამეს ამბობდნენ, ეჭვს გამოთქვამდნენ.

ხორვატებთან თამაშის წინ მე ვიყავი მთელს გუნდში ერთადერთი მოთამაშე, რომელზეც ამბობდნენ: მინგსი? დარწმუნებულები არ ვართ, რომ ის ამოცანას თავს გაართმევს. ამ ზეწოლისთვის რამენაირად უნდა გამეძლო.

როდესაც შენი ქვეყნის მოსახლეობის 90-95 პროცენტს შენი იმედი არ აქვს, ძნელია ეს გულზე არ მოგხვდეს. ამიტომაც მივმართე ფსიქოთერაპევტს და მასთან ერთად პრობლემის დასაძლევად ბევრი ვიმუშავე.

ფსიქოთერაპევტმა რამდენიმე ხერხი მასწავლა: სუნთქვა, მედიტაცია თუ კონკრეტულ მომენტში თავის სწორად დაჭერა. მან მასწავლა, როგორ უნდა აჯობო შენს ქვეცნობიერს, მან რომ არ გაიმარჯვოს და არ დაგთრგუნოს.

ძნელი იყო ამ ყველაფრის გაძლება. პირველი თამაშის წინ ცუდად მეძინა“.

შემდეგ, მინგსმა წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, დღეს ექსპერტის, რიო ფერდინანდის მწარე სიტყვები გაიხსენა. ხორვატიასთან შეხვედრის წინ ფერდინანდმა თქვა: „ვფიქრობ, მინგსი ჩვენი გუნდის ყველაზე სუსტი წერტილია, არადა ის თამაშობს მოედნის იმ მონაკვეთზე, სადაც ბევრი ხალხი გროვდება. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში არ უთამაშია. მას მაღალ დონეზე არსად უთამაშია“.

მინგსმა თქვა, რომ მოგვიანებით ფერდინანდმა მას პირადი მესიჯი გაუგზავნა და შეაქო — ეჭვებს უმაღლესი კლასის ფეხბურთით უპასუხეო.

„რა კარგია, რომ ვცხოვრობთ დროში, როდესაც მენტალურ პრობლემებსა და შენს განცდებზე ლაპარაკი უკვე გახსნილად შეიძლება,“ — თქვა ტაირონ მინგსმა.

მოგეხსენებათ, სპორტსმენთა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის თემა ტოკიოს ოლიმპიადის დღეებში წინა პლანზე მას მერე წამოვიდა, რაც ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ სიმონ ბაილსმა შეჯიბრების გაგრძელებაზე უარი თქვა. მან ზეწოლას ვეღარ გაუძლო.