ესპანური „მარკას“ ცნობით, თუკი ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე გაისად, „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, მას მარტო კონტრაქტზე ხელმოწერაში 40 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ეს თანხა ორჯერ მეტია, ვიდრე ახლახან მიიღო დავიდ ალაბამ, რომელიც „ბაიერნიდან“ ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით, იმავე „რეალში“ გადავიდა.
ის ფაქტი, რომ „თეთრები“ მბაპეს სანაცვლოდ ამხელა თანხას იმეტებენ უპირველეს ყოვლისა იმას ნიშნავს, რომ ესპანურ კლუბს მისი შეძენა მეტისმეტად სურს. „ლოს ბლანკოსი“ ცდილობს „პარი სენ ჟერმენის“ 22 წლის თავდამსხმელის გადასაბირებლად დიდძალი თანხის მობილიზაცია შეძლოს.
ესპანურმა რადიო Onda Cero-მ ამ დღეებში თქვა, რომ ამიერიდან, „რეალის“ შემადგენლობაში აღარ არის ფეხბურთელი, რომელიც არ იყიდება — ახლა მთავარი მბაპეს შესაძენი ფულის შოვნაა.
„მარკა“ ასკვნის, რომ ფრანგი თავდამსხმელი „რეალში“ ალბათ გაისად გადავა. ყველაფერი სწორედ ამაზე მიუთითებს. მაგალითად ის, რომ მბაპემ „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა.
კილიან მბაპე პსჟ-ში „მონაკოდან“ მას მერე გადავიდა, რაც 2018 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
„მონაკოსთან“ ერთად ის უკვე ფლობდა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს, „პარკ დე პრენსზე“ კი სამჯერ გახდა ლიგა ერთის ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირი.