„ბარსელონამ“ მესამე ამხანაგური შეხვედრა მოიგო, თუმცა ეს იყო პირველი მატჩი უმაღლესი ლიგის მეტოქესთან — შტუტგარტში, „მერსედეს-ბენც არენაზე“, კატალონიელებმა 3:0 მოიგეს. მათ საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს: ახალწვეულების, გამოცდილი ჰოლანდიელის მემფის დეპაისა და 18 წლის ავსტრიელი იუსუფ დემირის გოლებით შესვენებამდე უკვე 2:0-ს იგებდნენ. მეორე ტაიმში ერთი გოლიც რიკი პუჩმა დაამატა.
ბარსელონელთა ჰოლანდიელ თავკაც რონალდ კუმანს თავისი გუნდის თამაში ძალიან მოეწონა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ „შტუტგარტს“ მომზადება უფრო ადრე ჰქონდა დაწყებული.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სწორად ვმუშაობთ, ფიზიკურად დღითიდღე ვძლიერდებით, ფეხბურთელები კი მონდომებას არ აკლებენ.
გარდა ამისა, თამაშის ცალკეულ ეპიზოდებში ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშეთ. მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. გუნდმა შთამბეჭდავი მოწადინება და მიდგომა მაჩვენა.
„შტუტგარტთან“ თამაში იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ამ გუნდმა მზადება ჩვენზე ადრე დაიწყო; თან, ვთამაშობდით მის მოედანზე და თამაშს მისი გულშემატკივარი ესწრებოდა. ვფიქრობ, „ბარსამ“ ჩინებული ფეხბურთი აჩვენა. თავი გამოიჩინეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. გუნდმა დაამტკიცა, რომ დიდი მომავალი აქვს“, — თქვა კუმანმა.
შემდეგ „ბლაუგრანას“ მწვრთნელს პირადად მემფის დეპაის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა:
„ხალხი მემფისს კარგად იცნობს, რადგან ის „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლიონში“ თამაშობდა. დღეს მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მაღალი დონის ბომბარდირია. ძალიან მომეწონა მისი და ანტუან გრიზმანის წყვილი.
მიხარია, რომ თავდასხმაში დიდი კონკურენცია გვაქვს. წინა ხაზზე უფრო მეტი მაღალი დონის თავდამსხმელი გვყავს, ვიდრე ერთ თამაშში შეიძლება გამოვიყენოთ. ჩვენს გუნდში თამაშობენ სერხიო აგუერო და ლეო მესი… ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლია“.