ბრაზილიამ ეგვიპტეს 1:0 მოუგო

ტოკიოს ოლიმპიადაზე, ფეხბურთელ ვაჟთა ტურნირზე, მეოთხედფინალები გაიმართა. ესპანეთის ნაკრებს კოტ დ’ივუარის დასამარცხებლად დამატებითი დრო დასჭირდა. ძირითადი დრო 2:2 დამთავრდა, დამატებითში კი „ლა როხამ” აფრიკელთა დაცვის შეცდომებით ისარგებლა და 5:2 გაიმარჯვა.

ამ შეხვედრაში ესპანელებს თავიდანვე აერიათ გეგმები. მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს მე-10 წუთზევე მოუხდა ფეხბურთელის შეცვლა — ბარსელონელი ოსკარ მინგუესა დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე „რეალის” მცველი, ხესუს ვალეხო შევიდა. ცვლილების დროს სპილოს ძვლის ნაპირელთა გუნდი კუთხურის ჩასაწოდებლად ემზადებოდა. კუთხურს გოლი მოჰყვა — აფრიკელებმა ანგარიში გახსნეს.

ამის შემდეგ, ესპანელებმა ბურთი იხელთეს და შეხვედრა მეტწილად მათი უპირატესობით წარიმართა. 30-ე წუთზე დანი ოლმომ გაათანაბრა ანგარიში.

ესპანელთა უპირატესობის მიუხედავად, გვარიანი გარჯა მოუხდა მეკარე უნაი სიმონს, რომელმაც ორჯერ შესანიშნავად იხსნა კარგი.

პირველ ტაიმში ესპანელებს ოფსაიდის გამო VAR-მა გოლი არ ჩაუთვალა. მეორე ტაიმში მიკელ მირენომ ხარიხას გაარტყა ბურთი.

89-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა საუცხოო მომენტი ვერ გამოიყენა, რასაც პასუხად კოტ დ’ივუარის გოლი მოჰყვა — თავი კონფერენციის ლიგაში ბათუმელთა მომავალი მეტოქის, თურქული „სივასსფორის” ნახევარმცველმა მაქს გრადელმა გამოიჩინა, მაგრამ ბედმა „ლა როხა” დაინდო. მსაჯის წამატებული წუთის პირველ წუთზე „ვულვერჰემპტონის” თავდამსხმელმა რაფაელ მირმა ანგარიში გაქვითა — 2:2.

დამატებით დროში, 98-ე წუთზე, ესპანეთის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც ოიარსაბალმა გაიტანა. ამან კოტ დ’ივუარის ნაკრებზე ცუდად იმოქმედა და შეხვედრა საბოლოოდ 5:2 დასრულდა.

იაპონიამ ახალ ზელანდიასთან ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 ითამაშა. პენალტებში ოლიმპიადის მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

მექსიკამ სამხრეთ კორეას 6:3 მოუგო, ხოლო ბრაზილიამ ეგვიპტეს კუნიას მიერ 37-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 აჯობა.

3 აგვისტოს, ნახევარფინალში, იაპონია ესპანეთს შეხვდება, ხოლო მექსიკა ბრაზილიას.