ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 25 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძე 29 ივლისის შედეგებით ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებდა. თუმცა, რაპიდში ცუდად იასპარეზა და მეშვიდე ადგილიდან 25-ე ადგილამდე დაქვეითდა.

მეცხრე ოლიმპიადის მონაწილე სალუქვაძემ რაპიდში 287 (94+96+97) ქულას მოუყარა თავი და ამ შედეგით ფინალს მიღმა დარჩა.

მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა მოკრივე ესკერხან მადიევს. 69 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მონაწილე მადიევმა უფრო გამოცდილ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრ ანდრე ზამკავოისთან ვერაფერი გააწყო და – 0:5.

შეგახსნებთ, რომ აქამდე მადიევმა აზერბაიჯანელი ლორენცო სოტომაიერი და უგანდელი შადირი ბვოგი დაამარცხა.

ბირთვის კვრაში სოფიო შათირიშვილი B ჯგუფში ასპარეზობდა. ფინალში გასასვლელად საჭირო იყო ბირთვი 18.80 მეტრზე ეკრა. თუმცა, თუ ამ შედეგს ვერ აჩვენებდნენ, 16-დან 12 საუკეთესო შედეგის მაჩვენებელი ფინალში მაინც გადადიოდა.

შათირიშვილის საუკეთესო შედეგი 18.74 მეტრია. თუმცა, ტოკიოში სოფიოს საუკეთესო მაჩვენებელი სამი ცდიდან მხოლოდ 15.41 მეტრი აღმოჩნდა და ბოლო ადგილზე გავიდა.