ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მძიმე წონაში მოჭიდავე გურამ თუშიშვილმა საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა.
ჩვენებური ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაეჭიდა. თითქმის მთელი ჭიდაობის მანძილზე უპირატესობას ქართველი ფლობდა, მაგრამ 30 წამით ადრე მეტოქის ფანდი გაეპარა, ვაზარზე დაეცა და კრპალეკმა იქვე შებოჭა კიდეც.
არადა, თუშიშვილმა ფინალამდე შესანიშნავად იარა: ჯერ უზბეკი ტიმურ რახიმოვი დაამარცხა, შემდეგ – ბრაზილიელი რაფაელ სილვა, ხოლო ნახევარფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოჭიდავე ტამერლან ბაშაევს ვაზარით ჩამორჩენა შემოუტრიალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო დელეგაციას ტოკიოში ოთხი მედალი აქვს მოპოვებული და ოთხივე ძიუდოისტების ხარჯზე. ოქროს მედალოსანი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლს თუშიშვილის გარდა, ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი დაეპატრონნენ.