შვედური აუდიო სტრიმინგისა და მულტიმედიის კომპანიის Spotify-ს მეპატრონემ, მილიარდერმა დანიელ ეკმა მაისში „არსენალის” ამერიკელ მფლობელ სტენ კრონკს 1,8 მილიარდი გირვანქა შესთავაზა. მას „მეთოფეთა” ყიდვა უნდოდა, მაგრამ კრონკმა უარით გაისტუმრა.
ახლა კი ეკს მეგობრებისთვის უთქვამს, კრონკს ამერიკის სასამართლოში საქმე ისე წაუვიდა, რომ ჩემი შანსი გაიზარდაო.
ამის მიუხედავად, კრონკი და მისი ვაჟი ჯოში, რომელიც აშშ-ში სპორტულ იმპერიას ფლობს, აცხადებენ, რომ „არსენალს” მაინც არ გაყიდიან.
რაც შეეხება სასამართლოს: იქ, აშშ-ში, კრონკებს ქალაქი სენტ ლუისი ედავება და ეს დავა მათ შეიძლება მილიარდ დოლარამდე დაუჯდეთ. თუ კრონკები სასამართლოში გამტყუნდებიან და ხსენებული მილიარდის გადახდა მოუწევთ, მაშინ ეკის შანსი მართლა გაიზრდება. არ არის გამორიცხული ამერიკელებს დაკისრებული თანხის მოსაძიებლად „არსენალის” გაყიდვა მოუწიოთ.
დავის მიზეზი NFL-ს კლუბია. სასამართლო კრონკებს, მთელ რიგ საბუთებს სთხოვს, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ქაღალდები გაყალბებულია.
NFL-მა, 2016 წელს, კრონკებს სენტ ლუისის კლუბის ლოს ანჯელესში გადატანის ნება დართო. ამან სენტ ლუისში მთელი რიგი ორგანიზაციები აღაშფოთა და ისინი ჩივიან. ორგანიზაციების აზრით NFL-მ მათ მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს, რადგან კრონკებმა კლუბი ქალაქიდან ქალაქში კანონების უხეში დარღვევით გადაიყვანეს.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო NFL-ს გაამტყუნებს, თანხა კრონკების გადასახდელი გახდებაო, წერს აშშ-ს პრესა.