ტოკიოში ვარლამ ლიპარტელიანის ბოლო ბრძოლიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში მისი პოსტი გაჩნდა:
“მადლობა ღმერთს იმისთვის რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული ბევრი გულის ტკენა მარა ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება.
აი ასე, გულისტკივილით და ერთი ამოსუნთქვით დასვა წერტილი ქართველ ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა. გაზრახ, ყოველგვარი სტილისტური და კორექტურული ჩარევის გარეშე დავდეთ ეს ტექსტიც, რომელსაც ცრემლის თუ არა, უდიდესი იმედგაცრუების და ტკივილის დაღი აზის. რამდენი რამ დაიტია მისმა კარიერამ 2009 წლიდან და დღემდე, როცა 20 წლის ბიჭს დიდ ნაკრებში თბილისის ევრო 2009-ზე დებიუტი ჰქონდა და ვერცხლი მოიგო. ბუნებრივია, ეს წარმატება იყო, მაგრამ იმ ვერცხლმა თითქოს დანავსა ლიპოს კარიერა. განა ევროპა ვერ მოიგო — სამგზის ჩემპიონია, მაგრამ 6 (!) ვერცხლი და ერთი ბრინჯაოც იყო. და მსოფლიო ჩემპიონატები? სამი ვერცხლი, ამდენივე ბრინჯაო და ჯერაც ვერმოგებული ოქრო. გრანდ-სლემებსა და გრან-პრიებზე კი იჯერა გული ყველა სინჯის მედლებით, მაგრამ გული სულ მწვერვალისკენ მიუწევდა — ყველა მედალს და რეგალიას ერთ ოლიმპიურ ოქროში გაცვლიდა. არ გამოვიდა. რიოში დასანანად წაგებული ფინალი და… ტოკიოს იმედგაცრუება.
მაინც არ გვემეტება ლიპო. ასე წასასვლელად არ გვემეტება. აჯობებდა, ტრიუმფატორი და გაბრწყინებული გაგვეცილებინა ამდენწლიანი ბრძოლებიდან. დღესაც მჯერა: ვარლამ ლიპარტელიანს რაღაც ამოუცნობი რიდი თუ კომპლექსი ჰქონდა. რომელიმე მეტოქის კი არა — საკვანძო ორთაბრძოლების კომპლექსი. სწორედაც ორთაბრძოლების, თორემ იშტაზე მყოფს რომელი ვოლფი და ილიასოვი დაუდგებოდა წინ. ვარლამს მთელი კარიერის მანძილზე ერთადერთი უსერიოზულესი მეტოქე ჰყავდა — თავად ვარლამ ლიპარტელიანი და თუ მასზე წიგნი დაიწერება, ასეც უნდა ერქვას: “ბრძოლა საკუთარ თავთან”.
იქნებ მაინც არ გეჩქარა, კაპიტანო? ცხელ გულზე არ გეჩქარა, თორემ ყველაზე უკეთ შენ თავად გადაწყვეტ.
ნებისმიერ შემთხევაში – დიდი მადლობა.