ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ რეიტინგით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა, მაგრამ იაპონიის დედაქალაქში ვერ გაემგზავრა. მიზეზი ის არის, რომ ქართულ მხარეს განაცხადი არ გაუგზავნია.
ქართველი ჩოგბურთელის განცხადებებს მაშინვე გამოეხმაურნენ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
ორივე მათგანი ხელს ერთმანეთისკენ იშვერდა. საბოლოოდ, კალაშნიკოვამ და მისმა მეწყვილე ეკო გორგოძემ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს, რომელმაც უკვე განიხილა ქართველი ჩოგბურთელების საქმე.
როგორც ირკვევა, საბოლოო დასკვნაში სწორედ ის გაითვალისწინეს, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაში (ITF) ქართველ ჩოგბურთელზე განაცხადი არ იყო გაგზავნილი.
„განმცხადებლები არ იყვნენ შეყვანილნი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტებში, რომელიც 2021 წლის 16 ივლისს გამოქვეყნდა. 2021 წლის 17 ივლისს ITF-მ განაცხადა, რომ არც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციიდან და არც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან (სეოკ) ამ ჩოგბურთელებზე განაცხადი არ იყო გაგზავნილი. თუმცა, სეოკ-ი აცხადებდა, რომ განაცხადი გაგზავნილი იყო. 2021 წლის 21 ივლისს კალაშნიკოვა-გორგოძემ შეიტანეს განცხადება, რომ მათ ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა შორის მონაწილეობა ეკუთვნოდათ და გადახედილი იქნას მონაწილეთა სია, რომელიც 2021 წლის 16 ივლისს ITF-მ გამოაქვეყნდა, შევიდეს ცვლილება და მიეცეთ ოლიმპიადაზე მონაწილების უფლება.
შეიქმნა კომისია, რომელშიც შევიდნენ პროფესორები – იტალიელი ლუიჯი ფუმაგალი, ჩინელი სუნ ლუ და ჩილელი პაბლო არიაგადა, რომლებმაც მოისმინეს კალაშნიკოვა-გორგოძის განაცხადი. ვიდეოკონფერენციაში არ იყო ჩართული სეოკ-ი და არ წარმოუდგენია არანაირი წერილობითი განცხადება. საბოლოოდ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლომ 2021 წლის 23 ივლისს გამოაქვეყნა.
სეოკ-ს კალაშნიკოვა-გორგოძე არ ჰყავდა ნომინირებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტთა შორის. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს განმცხადებლებისთვის მიღებული დასკვნა, ITF-მ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2021 წლის 16 ივლისს გამოქვეყნებულ ლიცენზიანტთა შორის განმცხადებლები არ შეიყვანა“, – წერია საარბიტრაჟო კომისიის საბოლოო დასკვნაში.
და მთავარი: ეს არის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პასუხი გაზეთ „ლელოს“ კითხვაზე, თუ რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ქართველი ჩოგბურთელები, რომლებიც მსოფლიო რეიტინგში ტოკიოში მონაწილე სხვა წყვილებზე მაღლა იდგა, ოლიმპიური თამაშების მიღმა დარჩნენ?
„ITF-ს არ მიუღია ოფიციალური მოთხოვნა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისგან. სხვა ნებისმიერი შეკითხვისთვის მიმართეთ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას“, – წერს ITF .
ზუსტად ისაა, რაც ქვეყანაში ხდება…