ტოკიოს ოლიმპიადა ოფიციალურად 23 ივლისს გაიხსნება. თუმცა, ზოგიერთი შეჯიბრება უკვე გახურდა. მათ შორის ფეხბურთელთა ტურნირიც.

დღეს, 22 ივლისს, პირველი ტურის რვა მატჩი გაიმართა. რამდენიმეს გამოვარჩევთ.

ესპანეთი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. ხუმრობა ხომ არ არის, მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდში ხუთი ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც რამდენიმე კვირის წინათ ევრო 2020-ზე თამაშობდნენ: პედრი, ოიარსაბალი, ოლმო, პაუ ტორესი და ერიკ გარსია.

თუმცა, გამხსნელი მატჩი „ფურიასთვის“ მთლად ხეირიანი ვერ გამოდგა. ეგვიპტესთან თამაში უგოლოდ დაამთავრა და კაციც მოისაკლისა. მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, დანი სებალიოსმა  მძიმე ტრავმა მიიღო. პირველი ტაიმის ბოლოს, ეგვიპტელმა მოჰამედ ტაჰერმა, მას მარცხენა ფეხის ტერფზე ცუდად დააბიჯა.

მექსიკამ სენსაციურად მოუგო საფრანგეთს – 4:1, ხოლო კაცნაკლულმა არგენტინამ ასევე მოულოდნელად წააგო ავსტრალიასთან – 0:2.

ახალზელანდიელებმა სამხრეთ კორეას მოუგეს ინგლისური „ბარნლის“ შემტევის, კრის ვუდის ერთადერთი გოლით და ისტორია დაწერეს – ეს მათი პირველი გამარჯვება გახლდათ ოლიმპიურ ტურნირებზე.

Mexico cruises past France in men's Olympic soccer tourney opener | CBC  Sportsყველაზე საინტერესო დღის ბოლო შეხვედრა გახლდათ, რომელშიც ერთმანეთს წინა ოლიმპიადის ფინალისტები – ბრაზილია და გერმანია ხვდებოდნენ. მაშინ თამაში 1:1 დამთავრდა. პენალტების სერიაში ბრაზილიელებმა 5:4 იმარჯვეს და ისტორიაში პირველად გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები.

ამჯერად პრინციპული ბრძოლა ვერ გამოვიდა. ბრაზილიელები უკვე ნახევარი საათის თავზე 3:0 იგებდნენ ევერტონელი რიშარლისონის ჰეთ-თრიქით. მინიმუმ ერთი ამდენი კიდევ უნდა გაეტანათ. ტაიმის ბოლო წუთზე მათეუს კუნამ თერთმეტმეტრიანიც გააცუდა, ფლორიან მიულერმა აუღო.

მეორე ნახევარში გერმანელები უკეთ გამოიყურებოდნენ და ორი საპასუხო ბურთიც შეაგდეს. თუმცა, რაღაც უცნაური გოლები იყო. უფრო ბრაზილიელებმა გაუშვეს, ვიდრე გერმანელებმა გაიტანეს. საბოლოოდ, სამხრეთამერიკელებმა 4:2 გაიმარჯვეს და ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

კარგი მატჩი ჩაატარა ბრაზილიელთა 38 წლის კაპიტანმა დანი ალვეშმა.