1993 წელს თბილისის „დინამო“ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად გავიდა ევროტურნირებზე. 18 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გივი ნოდიას გაწვრთნილები ჩრდილოირლანდიურ „ლინფილდს“ შეხვდნენ და 2:1 მოუგეს, ბელფასტში მატჩი კი 1:1 დასრულდა. „დინამო“ გავიდა მომდევნო ეტაპზე და დანიურ „კოპენჰაგენს“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ…
თბილისური შეხვედრა თურქებმა იმსაჯეს, მთავარმა არბიტრმა ერმან თოროღლუმ კი „დინამო“ მსაჯების მოსყიდვაში დაადანაშაულა და ფაქტებიც წარადგინა. უეფამ თბილისელებს ორწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა და შემდეგ ეტაპზე „ლინფილდი“ გაუშვა.
ეს დიდი შოკი იყო „დინამოს“ ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის. მაშინდელი „დინამო“, როგორც იტყვიან, საფეხბურთო წარმოდგენას დგამდა. „ლინფილდთანაც“ „დინამო“ 90 წუთის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, სტუმართა მეკარე ლესლი ლემონტი კი სასწაულებს აკეთებდა.
რეზო, შოთა და არჩილ არველაძეები, გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე, მურთაზ შელია, ირაკლი ზოიძე, მიხეილ ყაველაშვილი, გელა ინალიშვილი, ნუგზარ ლობჟანიძე, გოჩა ჩიქოვანი, გიორგი ანჩაბაძე, ბესიკ ბერაძე…
თურქულ გამოცემა sabah-ში თბილისური მატჩის არბიტრმა ერმან თოროღლუმ საინტერესო ამბები გაიხსენა. როგორც გაირკვა, თოროღლუ თურქეთში ერთ-ერთი პარტიის წევრი ყოფილა, ხოლო რამდენიმე წლის წინ საფეხბურთო გადაცემა მიჰყავდა ტელეარხ Telegol-ზე.
„1993 წლის ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის, თბილისის „დინამო“-„ლინფილდის“ მატჩის სამსაჯოდ, თანამსაჯებთან ერთად ვარ საქართველოში. თამაშის დღეს ორივე გუნდის მენეჯერებთან ერთად ვსადილობთ. სადილის შემდეგ „დინამოს“ ერთ-ერთ წარმომადგენელს მე და სამი თანაშემწე მანქანით სასტუმროში მივყავართ. უკვე სასტუმროსთან, მანქანიდან გადმოსვლამდე ვხედავ, რომ მას (დინამოს წარმომადგენელს) ხელში კონვერტი უჭირავს, მაგრამ ჩემთვის გამოწვდილ კიდევ ერთ კონვერტს სხვა ადგილიდან იღებს.
… მანქანიდან გადმოსვლისას კონვერტებს გვაწვდის და ამას ისე სწრაფად აკეთებს, რომ რეაგირებას ვერ ვასწრებთ. თვითონ სწრაფად მიდის. კონვერტებს ვხნით, სავსეა დოლარებით… ჩემი კონვერტი უფრო დიდია. მაშინ საქართველოში ექიმის ხელფასი 50 დოლარი იყო, ჩემს კონვერტში კი სამი ათასია! მატჩის დელეგატიც ამავე სასტუმროშია.
… ერთად მივდივართ დელეგატთან და კონვერტებს ვაძლევთ. ფულის ნახვისგან გაოგნებული გვეუბნება: „ეს ჩემთან დარჩეს“. მერე გადაწყვეტილებას ცვლის, კონვერტებს გვიბრუნებს: „ამას უეფა თქვენგან მოითხოვს“. დელეგატი მეკითხება, თუ რას ვფიქრობ. მე ვეუბნები: „ამბავი რომ გასკდეს, აქედან სუფთად ვერ გამოვძვრებით“. ეს დაახლოებით 3 საათზე ხდება, საღამოს კი მატჩია.
… საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც სტადიონზე იქნება. შოთას და აჩის დინამო „ლინფილდს“ 2:1-ს უგებს. მატჩის დელეგატი თამაშის დამთავრებისთანავე თბილისიდან მიდის. ჩვენ მეორე დღეს თურქეთში ვბრუნდებით. მერე უეფა „დინამოს“ განაჩენს გამოუტანს – ორწლიანი დისკვალიფიკაცია (რომელიც შემდეგ ერთწლიანით შეცვალეს).
… განაჩენის შემდეგ ციურიხის სასტუმროში დავბინავდი, სადაც „დინამოს“ წარმომადგენლებმა მომაკითხეს და დამემუქრნენ. ციურიხიდან თურქეთში დაბრუნებულს ქართული მაფია იქაც ამედევნა. იმის მერე ვატარებ იარაღს, მაგრამ არასოდეს მისვრია. მერე “სიმართლის გზის პარტიის” (სულეიმან დემირელის პარტია. სულეიმან დემირელი-თურქეთის პრეზიდენტი 1993-2000 წ.წ.) წევრობის და დეპუტატობის კანდიდატობის გამო ქართულმა მაფიამ ჩემი დევნა შეწყვიტა. ქართველები დემირელს დიდ პატივს სცემდნენ. „დემირელის კაციაო“ და თავი დამანებეს. სინამდვილეში დემირელი არაფერ შუაში იყო, სხვა კაცის დახმარებით მოვხვდი პოლიტიკაში.
… ჩემს შესახებ „ფრანს ფუტბოლმაც“ დაწერა: „თურმე ასეთი მსაჯებიც არსებობენ“. ამ ამბავმა მსოფლიოში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. აი, ასეთი ცხოვრება მქონდა 1993 წლიდან: სპორტი, პოლიტიკა, მაფია, იარაღი“.
P.S. ერთი უეჭველია. თურქს ოდნავადაც არ უმსაჯია „დინამოს“ სასარგებლოდ. ის მატჩი თვალწინ მიდგას და ორი პენალტი შეეძლო დაენიშნა „ლინფილდის“ კარში. ცალკარა იყო, 2:1 კი არა, 12:1 უფრო ლოგიკური იქნებოდა…
დიდი ტკივილი იყო, რაც მოხდა. ძალიან გვიყვარდა ის „დინამო“, ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა – არაპრაგმატულს, ლაღს, შემტევს, თავისი დიდი ინდივიდუალური თვისებებით.
და კიდევ, მსაჯმა თოროღლუმ იმ მატჩის მერე „ტრაბზონის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს გაუწია რეკომენდაცია დინამოელ ახალგაზრდებზე – საოცარი ბიჭები ჰყავთო…