ერლინგ ჰოლანდი, რომელიც 21 ივლისს 21 წლისა ხდება, დიდი კლუბების ინტერესის საგანია. იტალიურმა გაზეთმა „ლა რეპუბლიკამ” გაავრცელა ცნობა, რომ ნორვეგიელის შეძენა „იუვენტუსსაც” სურს.
გაზეთი წერს, რომ ის ტურინში 36 წლის დიდი ვარსკვლავის, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად ესახებათ. რონალდუს” კონტრაქტს „ბებერ ქალბატონთან” ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. „შპორტ ბილდის” თქმით კი იმავე ზაფხულს, ჰოლანდის „დორტმუნდისგან” გამოსყიდვის თანხა იქნება 75 მილიონი ევრო.
„იუვენტუსისთვის” პრობლემას კრიშტიანუ რინალდუს ხელფასი წარმოადგენს. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი წელიწადში დაახლოებით 31 მილიონ ევროს იღებს და თუ იტალიური კლუბი კორონაკრიზისის პერიოდში ამ ხარჯისგან გათავისუფლებას განიზრახავს, ცხადია, ჰოლანდის შესაძენი თანხა გამოუჩნდება.
თუმცა, როგორც დორტმუნდელთა სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი ამბობს, მათი კლუბისთვის არაფერი შეცვლილა. „დორტმუნდი” ახალი სეზონისთვის კვლავ ჰოლანდთან ერთად ემზადება.
ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ჩელსიმ” „შავყვითლებს” ნორვეგიელის სანაცვლოდ 175 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უშედეგოდ.