მარიამ ბოლქვაძემ ნურ-სულთანის ITF-ის W60 კატეგორიის ტურნირი მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში მან რუს ვალერია სავინიხს სძლია 4:6 6:3 6:2 და კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო.
დასაწყისში ჩვენიანი ყოჩაღობდა და 2:0 დაწინაურდა კიდეც, თუმც რუსმა ჩოგბურთელმა წონასწორობა მალევე აღადგინა 2:2. სეტის ბოლოსკენ, ვალერიამ კონცენტრაცია შეინარჩუნა და ზედიზედ 2 გეიმის მოგებით სეტიც სათავისოდ დაიტოვა 6:4.
მეორე პარტიაში ბოლქვაძემ ერთხელ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, რაც გადამწყვეტი გამოდგა 6:3.
მესამე, გადამწყვეტ სეტში სავინიხმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:1 დაწინაურდა, თუმცა მარიამმა მობილიზება შეძლო, ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო (ზედიზედ 3 ბრეიკი) და მასთან ერთად მატჩიც 4:6 6:3 6:2.
მარიამმა კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო. ნურ სულთანის W60 კატეგორიის ტურნირის მოგებით ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგში 21 საფეხურით აინაცვლებს და ორშაბათიდან 174-ე ჩოგანი იქნება.