No description available.მორაგბეთა არდადეგები ხანმოკლეა და სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები უკვე ახალი სეზონისთვის ემზადებიან.

ცხადია, ახალი ჩემპიონატისთვის სამზადისს საფრანგეთშიც შეუდგნენ, სადაც უამრავი ქართველი თამაშობს. მიმდინარე ზაფხულში ჩვენებურთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძირითადად — ახალგაზრდების ხარჯზე. მთლიანობაში კი ტოპ 14-ის კლუბთა მთავარ და ახალგაზრდულ კლუბებში დღეის მონაცემებით 33 ქართველი ირიცხება, პრო დ2-ში — 42. ამას დავუმატოთ მომდევნო ლიგები  — იონალი და ფედერალ 1…

თითქოსდა, ეს ნიშნავს, რომ ქართული რაგბის ნაღები მთლიანად საფრანგეთშია გადაბარგებული, თუმცა, მთლად ასეც არაა. ახლახან შეიქმნა ფრენჩაიზი „შავი ლომი“ რომელთანაც კონტრაქტი არაერთმა მოქმედმა ბორჯღალოსანმა გააფორმა და ამ თემას ცალკე წერილი მიეძღვნება.

ამ სტატიაში კი ქართველთა ფრანგული ნაწილის კონტრაქტების დადებასა და გაწყვეტაზე მოგითხრობთ.

No description available.ტოპ 14-ში დაბრუნებულმა „ბიარიცმა“ ნაკრების ერთი კანდიდატი — ლუკა აზარიაშვილი „მონპელიესგან“ საბოლოოდ გამოისყიდა და 2-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმა, ხოლო ნაკრებისგან ასევე ერთ ნაბიჯში მდგომი უშანგი ჭეიშვილი ბასკურ კლუბში მომდევნო სეზონს იგივე „მონპელიედან“ იჯარით გაატარებს.

„მონპელიე“ კი მწვავე ფინანსურ კრიზისშია და ხსენებული წყვილის გარდა ეს კლუბი 19 წლის ბურჯმა ალექსი ჭიჭიაშვილმაც დატოვა, ვინც პრო დ2-ის „პროვანსში“ ამ გუნდიდან წასულ ზაზა ნავროზაშვილს ჩაანაცვლებს.

21 წლის ბურჯი ხვიჩა ცოფურაშვილი „სტად ფრანსედან“ წავიდა და პრო დ2-ის „რუანში“ ვეტერან კარლენ ასიეშვილს შეუერთდა. თუმცა, პარიზულ გრანდში ვასილ კაკოვინსა და გიორგი მელიქიძეს ახალი ტალანტი შეუერთდება -—„ხვამლის“ 17 წლის ბურჯი სერგო აბრამიშვილი.

ახლა პრო დ2-ელებზე. 22 წლის მძიმეწონოსანი ბურჯი გიორგი ახალაძე ქვედალიგელი „მასიდან“ „ბეზიეში“ დაწინაურდა, რომელთანაც 2-წლიანი ხელშეკრულება დადო. იმავე „მასიდან“ კიდევ ერთი ქართველი წავიდა — 20 წლის მეორეხაზელი ლუკა მაჭარაშვილი კარიერას „აჟენში“ გააგრძელებს.

No description available.„ლელო სარასენსის“ 19 წლის ბურჯი ირაკლი აფციაური 2024 წლამდე „გრენობლში“ იასპარეზებს და ამავე კლუბს სატრანსფერო პერიოდის ალბათ ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი უკავშირდება. ინგლისის „ვოსპსისა“ და საქართველოს ნაკრების გამოცდილი მარცხენა ბურჯი ზურაბ ჟვანია ალპელებს 2-წლიან კონტრაქტზე მოურიგდა.

No description available.22 წლის მარჯვენა ბურჯმა ზაურ თევდორაშვილმა პრო დ2-დან ნასიონალში დაქვეითებული „ანგულემი“ საპირისპირო მიმართულებით გადაადგილებულ „ბრესანზე“ გაცვალა, 19 წლის მეორე-მესამეხაზელი ალექსანდრე ბურდული „ლელოდან“ ასევე ნასიონალიდან ამოსულ „ნარბონში“ გადავიდა, ხოლო მისი თანატოლი კვაჭი ლუკა პეტრიაშვილი — „ხვამლიდან“ „კარკასონში“.

სხვა ტრანსფერებიდან აღვნიშნავთ ბორჯღალოსანი ცენტრის, თამაზ მჭედლიძის მოულოდნელ „დაქვეითებას“ პრო დ2-ის „რუანიდან“ ნასიონალ ლიგის „დაქსში“, სადაც მას ლაშა ლომიძე-უფროსი დახვდა.

უფრო დიდი ნახტომი გამოუვიდა ტოპ 14-ის „პოს“ 24 წლის ბურჯ ომარ ოდიშვილს, რომელმაც 2-წლიანი კონტრაქტი უკვე ხსენებულ „ანგულემთან“ გააფორმა. სხვათა შორის, ამ კლუბში დარჩენილ სახელოვან ვეტერან შალვა სუთიაშვილს ასევე „ბათუმის“ ბურჯი შოთა გოგისვანიძე 1+1-წლიანი კონტრაქტით შეუერთდა, 20 წლის აკადემიელი მეორეხაზელი საბა ფესვიანიძე კი – მომდევნო 2 სეზონით. ასე რომ, პრო დ2-ში დაბრუნებისთვის ბრძოლა საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანს ქართველების მხარდამხარ მოუწევს.