რობერტო მანჩინის ვაჟი ყვება, რომ 11 ივლისს, ევრო 2020-ის ფინალში, „უემბლის” სტადიონზე, თავის ადგილზე ვერ დაჯდა და პირველი ტაიმის ყურებამ კიბეებიდან მოუწია.

მიზეზი: ორგანიზატორებმა სტადიონის შესასვლელების დაცვა ვერ მოახერხეს და უბილეთო ინგლისელთა ბრბო ტრიბუნებზე შევარდა.

ანდრეა მანჩინი 28 წლისაა. ის ადრე ფეხბურთელობას ცდილობდა. როდესაც მამამისი „მანჩესტერ სიტის” ედგა სათავეში, მანჩინი უმცროსი კლუბის აკადემიაში თამაშობდა და პროფესიული კონტრაქტიც კი ჰქონდა.

ანდრეა ყვება: „უბილეთოების შემოვარდნამ დიდი არეულობა გამოიწვია, მათ სხვების ადგილები დაიკავეს რის გამოც პირველი ტაიმის ყურება სექტორებს შორის კიბეზე მჯდომს მომიწია. მეორე ტაიმში სხვაგან ვნახე ადგილი და უკვე სკამზე ვიჯექი. იღბლიანი ადგილი გამოდგა”.

რობერტო მანჩინის 11 ივლისამდე „უემბლისთან” ცუდი მოგონებები აკავშირებდა. 1992 წელს, როდესაც ის ფეხბურთელი იყო, ჩემპიონთა თასის ფინალში მისმა „სამპდორიამ” „ბარსელონასთან” 0:1 წააგო. ეს იყო ჩემპიონთა თასის პირველი სეზონი, როდესაც შეჯიბრება ჩატარდა ახალი ფორმატით: მას ჯგუფური ეტაპი დაემატა. ამის მიუხედავად, ეს ჯერ კიდევ არ იყო ჩემპიონთა ლიგა. ლიგა შემდეგ გათამაშებაში დაფუძნდა და მისი პირველი გამარჯვებული გახლდათ „მარსელი”.

2013 წელს, როდესაც მანჩინი „მანჩესტერ სიტის” წვრთნიდა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „ქალაქელები” „ვიგანს” შეხვდნენ და 0:1 დამარცხდნენ.

მანჩინი უმცროსი: „ცხოვრება ყოველთვის გთავაზობს მორიგ შანსს. მამამ „უემბლიზე” თავისი ანგარიში გახსნა”.

როდესაც იტალიის ნაკრებმა ევრო 2020 მოიგო, ანდრეა მანჩინიმ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო მამასთან და ძმასთან, ფილიპოსთან ერთად, თასით ხელში.

ფილიპო მანჩინიც „სიტის” აკადემიაში დადიოდა.

ანდრეამ ფოტოს მამისადმი მიმართვა მიაწერა: „გმადლობ! გმადლობ ყველაფრისთვის რაც გააკეთე. გმადლობ სიხარულისა და ბედნიერების იმ წუთებისთვის, ხალხს რომ აჩუქე.

შენ უნიკალური ხარ როგორც მამა და როგორც პიროვნება, მაგრამ დღეს შენ ყველაზე მეტად უნიკალური ხარ როგორც მწვრთნელი.

ვამაყობ შენით! შენ ხარ ხელოვანი, რომელმაც ამ თვეში ჯადოქრობა შეძლო. შენ ტილოზე ხელოვნების ყველაზე ლამაზი ნიმუში დახატე.

მიყვარხარ. ყოველთვის შენს გვერდით მიგულე”.