ევრო 2020-ზე საუკეთესო გოლის ავტორად პატრიკ შიკი დაასახელეს. ჩეხმა თავდამსხმელმა შოტლანდიასთან ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მოენდნის შუიდან გაიტანა.

შიკის გუნდი უკვე იგებდა 1:0-ს, როდესაც „ლევერკუზენის” მოთამაშემ 45,4 მეტრიდან გადაუგდო ბურთი თავზე მეკარე დევიდ მარშალს, რომელსაც უკან თავქუდმოგლეჯილმა გაქცევამ ვეღარ უშველა.

ამ გოლმა სქოთები მორალურად გატეხა და შეხვედრა დასრულდა კიდეც 2:0.

მეორე გოლად დაასახელეს ფრანგი პოლ პოგბას მიერ მერვედფინალში, შვეიცარიის ნაკრების კარში გატანილი. შეხვედრა დასრულდა 3:3, პენალტების სერიაში კი შვეიცარიელებმა იყოჩაღეს და საფრანგეთის ნაკრები შეჯიბრებას გამოთიშეს.

ტურნირის მესამე გოლი იყო ხორვატი ლუკა მოდრიჩის მიერ ჯგუფურ ეტაპზე, მესამე ტურში, კვლავ შოტლანდიელთა კარში გატანილი.

ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ.

ესპანელი პედრი ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს.

მეკარეთათვის განკუთვნილი „ოქროს ხელთათმანი” გადაეცა ინგლისელ ჯორდან პიკფორდს, რომელმაც ხუთ შეხვედრაში არ გაუშვა გოლი.

დიდი პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. მან 5 გოლი გაიტანა.

5 გოლი გაიტანა ზემოთ ნახსენებმა შიკმაც, მაგრამ რონალდუმ ჩეხისგან განსხვავებით ერთი საგოლე პასიც გადააწოდა.

ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში კი ვერც ერთი მოხვდა და ვერც მეორე. ევრო 2020-ის საუკეთესო თერთმეტეული ასეთია:

დონარუმა (იტალია) — უოკერი (ინგლისი), ბონუჩი (იტალია), მაგუაირი (ინგლისი), სპინაცოლა (იტალია) — ჰოიბერგი (დანია), ჟორჟინიო (იტალია), პედრი (ესპანეთი) — კიეზა (იტალია), ლუკაკუ (ბელგია), სტერლინგი (ინგლისი).