იტალიის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს ევრო 2020-ის ფინალში პენალტებით მოუგო. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დამთავრდა. ანგარიში მე-2 წუთზე ინგლისელმა ლუკ შოუმ გახსნა, 67-ზე კი „იუვენტუსის” 34 წლის მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ გაქვითა. მატჩის დამთავრების შემდეგ, ბონუჩი ტელეკამერასთან მივარდა და ჩასძახა: it’s coming to Rome (ის რომში მოდის).
რას ნიშნავს ეს შეძახილი ალბათ ყველასთვის ნათელია, მაგრამ მაინც გავიმეორებთ: ჯერ კიდევ 1996 წელს, როდესაც ევროპის ჩემპიონატი ინგლისში ჩატარდა, დაიწერა სიმღერა Football’s Coming Home (ფეხბურთი შინ ბრუნდება), რაც მასპინძელთა მაშინდელი გუნდის გამხნევებას ისახავდა მიზნად. მას შემდეგ, ფრაზა, „ფეხბურთი შინ ბრუნდენა” ამ ქვეყანას შემორჩა და ყოველთვის, როდესაც დიდი სანაკრებო ტურნირი ფეხბურთის სამშობლოსთან იკვეთება ან ინგლისის ნაკრები ჩემპიონობისთვის იბრძვის, ის აქტურდება.
ასე მოხდა ახლაც. ევრო 2020-ის ბევრ თამაშს, მათ შორის ნახევარფინალებსა და ფინალს ლონდონმა უმასპინძლა, ინგლისში კი ახალი ძალით იფეთქა ფრაზამ „ის შინ ბრუნდება” რაც, რასაკვირველია, ჩემპიონობის მოლოდინსაც ნიშნავდა, მაგრამ ვაგლახ, ინგლისელებს პენალტებში ფეხი დაუცდათ და ბონუჩიმაც ნიშნის მოგებითა და გაბრაზებით ჩასძახა მიკროფონში ის ბრუნდებაო, ოღონდ სიტყვა „სახლი” შეცვალა სიტყვით „რომი”.
ლეონარდო ბონუჩისთვის „სკუადრა აძურას” წარმატება ორმაგად სასიხარულო იყო, ვინაიდან ის ჯორჯო კიელინისთან ერთად გახლდათ იტალიის იმ ნაკრების წევრი, რომელმაც 2012 წლის ევროს ფინალში იმხანად უძლეველ ესპანეთთან 0:4 წააგო. მაშინდელ ფინალში ბონუჩიმაც მიიღო მონაწილეობა და კიელინიმაც.