თუ ხვალ ევრო 2020-ის ფინალში გაიმარჯვებენ, ინგლისელი ვარსკვლავები ლას ვეგასში აიწყვეტენ. „ლხინის ჭიას” ჯეკ გრილიშსა და მეკარე ჯორდან პიკფორდს ბიჭების აყოლიება ჰქონიათ გადაწყვეტილი.

 

ჯერჯერობით, გრილიშსა და პიკფორდს „კაზინოთა მექაში” მიჰყვებიან მეისონ მაუნტი, დეკლან რაისი, და ბენ ჩილუელი. ლას ვეგასისკენ გეზი უჭირავს გრილიშის ძმაკაცს, „ლესტერ სიტის” ნახევარმცველ ჯეიმს მედისონსაც. მათ, ამ წლის დასაწყისში უკვე მოასწრეს დუბაიში დროის ტარება.

როდესაც ჟურნალისტებმა გრილიშს ჰკითხეს, როგორ იზეიმებს თუ ინგლისის ნაკრები 1966 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვებს დიდ ტურნირზე, „ასტონ ვილას” ვარსკვლავმა უპასუხა:

„ათი დღით ლას ვეგასში წავალ. სიამოვნებით გავვარდებოდი პირდაპირ ვეგასში. უკან არც მოვიხედავდი”.

პიკფორდმა, რომელიც „ევერტონის” კარს იცავს, დროსტარების ვადა გაახანგრძლივა: „ჯეკთან ერთად ვეგასში სამი კვირის გატარება… ეს ძალიან მაგარი თავგადასავალი იქნება”.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ჟურნალისტებს სენტ ჯორჯის პარკში, საწვრთნელ ბაზაზე შეხვდნენ, სადაც ისინი საცურაო აუზში ნებივრობდნენ და ერთმანეთს ეხუმრებოდნენ.

ინგლისურ პრესაში ბევრჯერ დაწერილა, რომ გარეთ საუთგეიტმა გუნდში მეგობრული ატმოსფერო შექმნა. სხვადასხვა კლუბების ფეხბურთელებისგან ნამდვილი საძმაკაცო ჩამოაყალიბა, რაც წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.