დიახ, ამ ზაფხულს ბორჯღალოსნებს ერთადერთი ტესტ-მატჩით დაკმაყოფილება მოუწევთ.

სამხრეთ აფრიკაში ორმატჩიანი სერიის გასამართად ჩასულ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონთან მხოლოდ ერთხელ მოუწია ჯახმა. მეორე შეხვედრა „ქურციკთა“ შორის COVID-19-ის აფეთქებამ ჩაშალა, თან ინფიცირებულები ქართველთა ბანაკშიც აღმოჩნდნენ: სულ სამი, მათ შორის ლევან მაისაშვილიც.

See the source imageმომდევნო ტესტირებამ კიდევ სამი ინფიცირებული გამოავლინა. საბედნიეროდ, ყველა თავს კარგად გრძნობს, დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მთავარიც ესაა.

ამ შემღხვევაში რაგბი მეორეხარისხოვანია, თუმცა კორონავირუსის პროტოკოლის შესაბამისად, დანარჩენ, ჯანმრთელ ბორჯღალოსნებს, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ 8-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, რაც შოტლანდიასთან დაპირისპირების თარიღს ცდება. ამდენად, „მსოფლიო რაგბი“, საქართველოს და შოტლანდიის რაგბის კავშირები ერთადერთ ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ – 17 ივლისს დანიშნული ტესტ-მატჩი საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთა შორის აღარ გაიმართება.

ჩვენი კავშირის მესვეურებმა თამაშის ერთი კვირით გადავადება სცადეს, მაგრამ 24 ივლისი არ შედის „მსოფლიო რაგბის“ საზაფხულო ტესტებისთვის განკუთვნილ პერიოდში, თანაც კლუბები თავიანთ მორაგბეებს სწორედ 17-ის მერე ელიან და ეს ვარიანტიც ჩაიშალა.

ისღა დაგვრჩენია, ჩვენს მორაგბეებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ, ხოლო ჯანმრთელებს – კარგად დასვენება და მომავალი სეზონისთვის ძალების აღდგენა.