დანიის ნაკრებს ევრო 2020-ს ემოციებიდან ერთი დიდი, დადებითი ემოციის მიღებაღა ჰქონდა დარჩენილი და ისიც სრულყოფილად მიიღო: სამშობლოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს გმირებივით შეეგებნენ.

დანია, ჩემპიონატს ნახევარფინალში გამოეთიშა, ინგლისთან „უემბლიზე” 1:2 წააგო.

დანიის ეროვნული გუნდი ნამდვილად იყო ევროპის ჩემპიონატის მშვენება. გუნდი, რომელმაც პირველ შეხვედრაში, მოედანზე, კრისტიან ერიქსენის გულის შეტევა გადაიტანა, მაგრამ შოკისგან გამოფხიზლდა და ოთხეულში შევიდა.

თვითმფრინავიდან გადმოსულ ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და ტექნიკურ პერსონალს ფანები ტაშის კვრითა და ოვაციებით შეხვდნენ. ბევრი მოთამაშე ცრემლს ვერ იკავებდა. ყველა აცნობიერებდა, თუ რა დიდი ევრომოგზაურობა დასრულდა.

ცრემლმომდგარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა თქვა: „რა კარგია კვლავ თქვენთან, გულშემატკივრებთან შეხვედრა. რა ბედნიერებაა, რომ ეს ონლაინ აღარ ხდება. ხოლო ის, რასაც მოედანზე ვაკეთებდით, თქვენთვის მადლიერების გამოხატვა იყო. ჩვენ მადლობას გიხდიდით იმ ხერხით, რომლითაც შეგვიძლია და გვეხერხება.

გზა, რომელიც ერთად გავიარეთ ძალიან შთამბეჭდავი გამოდგა. ვატყობ, ისევ ცრემლი მახრჩობს და ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევს.

ამიერიდან, არჩეულ გზას გავაგრძელებთ. გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი. პირველი: ჩვენ გამარჯვება გვწყურია. მასთან ძალიან ახლოსაც ვიყავით, მაგრამ ხელი მოგვეცარა და ამის გამო გაწბილებულები და იმედგაცრუებულები ვართ. მეორე: ჩვენ კვლავაც მთელი დანიის გახარება გვინდა.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა რომ არა, ევროპის ჩემპიონატზე ასე ლაღად ვერ ვინავარდებდით. ევრო 2020-ს თქვენთვის ტაშის დაკვრით ვამთავრებთ”.

დანიელთა კაპიტანმა სიმონ კაიერმა დასძინა: „გარშემო დიდი სიამაყე იგრძნობა, რადგან შესანიშნავი ევრო ჩავატარეთ. ჩვენ უდიდესი ემოციები გამოვიარეთ, ასეთი რამ ადრე არასდროს გადამხდენია”.

შემდეგ, კაიერმა თქვა, რომ ინგლისთან წაგებული მატჩის შემდეგ კრისტიან ერიკსენს ელაპარაკა.

„ის დამარცხებას რასაკვირველია განიცდის, მაგრამ ბედნიერია, რომ ოჯახთან ერთად არის და ისვენებს”.

აღსანიშნავია, რომ ერიქსენი, მისი მეუღლე და ექიმები უეფამ ფინალზე დაპატიჟა, მაგრამ მედიკოსებმა ფეხბურთელს ნება არ დართეს.