ქუთაისის „ტორპედოს“ დუხჭირი დროება უდგას. გუნდში ფინანსები არ არის და ბოლო მატჩზე „საბურთალოსთან“ სათამაშოდ თბილისში უწვერული ბავშვებით ჩავიდა.
საქართველოში ტიტულებით მეორე გუნდს ეს ამბავი უკვე მესამე სეზონია თან სდევს. ჯერ იყო და ზაალ ჩაჩავამ მიაგდო შუა სეზონში, მერე იტალიელ ინვესტორ ფაბრიციო მანინოს მოუწია მიტოვება. თუმცა, მანინომ გუნდი კი მიატოვა, მაგრამ ქალაქის მერიას პირობების შეუსრულებლობისთვის მილიონნახევარ ლარს თხოვს. იმ ფულს რომელიც დახარჯა. ცალკე, გუნდი უფულოდ არის და ფეხბურთელებისთვის სამი თვის ხელფასები აქვს დასარიგებელი.
ამ ყველაფრის მოგვარებას, პლუს 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას კი, „ტორპედოში“ ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი აპირებს. თუმცა, იქამდე ყველაფერი დასალაგებელია…
კომპანია 2002 წელს არის დაარსებული და მისი დამფუძნებელი აიეტ კუკავაა. ჰოლდინგს საკმაოდ სერიოზული და მრავალი დარგის მომცველი საქმიანობა აქვს გაშლილი და წარმატებულ პროცესს ქუთაისის „ტორპედოსთან“ დაკავშირებით აპირებს.
საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ ინვესტირების მთავარი მიზნებია:
- კლუბმა დაძლიოს მიმდინარე კრიზისი და 1-2 წელიწადში დაიბრუნოს საჩემპიონო ამბიციები;
- უახლოეს 3-6 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის პირველ ათეულში შევიდეს;
- რეგულარულად მიიღოს მონაწილეობა ევროპულ საკლუბო ტურნირებში;
- საქართველოს საფეხბურთო ინფრასქტრუქტურაში მოზიდული იყოს ათეულობით მილიონი, რათა ქვეყანა გახდეს რეგიონის საფეხბურთო და სხვა სპორტული სახეობებისა და სპორტული ტურიზმის ცენტრი;
- „ტორპედოს“ პროექტებში ჯამური ინვესტიციების მინიმალური მოცულობა უახლოესი 5 წლის მანძილზე იყოს 20 მილიონი დოლარი;
რა უშლის ხელს? ის რომ „ტორპედოს“ გადაცემა დროის ამბავია, ჰოლდინგს კი, დროის დეფიციტი აქვს, რადგან სანამ ბიუროკრატიული დეტალები მოგვარდება, „ტორპედო“, შესაძლოა, ეროვნულ ლიგა 2-ში ვიხილოთ…