ლონდონის არსენალის ყოფილი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ახლა ფიფაშია დასაქმებული და ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის დირექტორია.
ვენგერის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატების ოთხწლიანი ციკლი დოგმა არ უნდა იყოს და თითქმის 100 წლის შემდეგ, მის შეცვლაზე უნდა იფიქრონ. ვენგერის აზრით, ყოველ წელიწადს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საუკეთესო გამოსავალია.
„წარმოიდგინეთ: 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს, ხოლო 2027 წელს ევროპის ჩემპიონატი და სხვა კონტინენტის ტურნირები ჩატარდება; 2028 წელს კი, ისევ მუნდიალი და ა.შ. ჩემი იდეა გულისხმობს მეტ ხარისხს და ნაკლებ რაოდენობას. ანუ, მეტი დიდი თამაში, მეტი საფლეიოფო დუელი და ნაკლები საკვალიფიკაციო თამაშები. გულშემატკივარსაც ეს არ უნდა? პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა. მას შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხ საუკეთესო გუნდში მხოლოდ ერთხელ მოხვდა ისეთი ქვეყანა, რომელიც არც ევროპიდან იყო და არც სამხრეთ ამერიკიდან – ეს სამხრეთ კორეამ 2002 წელს მოახერხა. ვფიქრობ, დროა, მსოფლიოს კარი უფრო მეტად გავუღოთ“, – განაცხადა ვენგერმა.