ბორჯღალოსნებმა რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონის უპირატესობის აღიარება მაინც მოუწიათ.
სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებს ბოლო მატჩი 20 თვის წინ, 3 ნოემბერს ჰქონდა. ეს იყო იაპონიაში გამართული მსოფლიო თასის ფინალური მატჩი. და მას შემდეგ „ქურციკთა“ ქვეყანას კორონავირუსთან უმძიმეს ბრძოლაში ჩაბმა მოუწია. ვითარება დღემდე რთული რომაა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ტრიბუნები დღესაც ცარიელია და ზედ მატჩის წინ შემადგენლობიდან დაინფიცირების გამო სამი მორაგბის გაშვება მოუხდათ.
მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს, როცა აფრიკელებმა ერთმანეთის მხარი იგრძნეს, მუხლი და მკლავი ჩვეულად გაშალეს და ბურთაობის მუღამში შევიდნენ, სწორედ იმ მომენტიდან მოყოლებული ჩვენს წინაშე უკვე ისევ ის, ძლევამოსილი სამხრეთაფრიკული დაუნდობელი მანქანა იყო, რომელიც თავადაც თითქმის არ ცდება და მოწინააღმდეგესაც არცერთ შეცდომას არ პატიობს.
აი ასეთი მეტოქე ჰყავდათ ჩვენს ბიჭებს – მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სარაგბო გუნდი! ვინ წარმოიდგენდა, რომ ბორჯღალოსნები „ქურციკებთან შეხვედრაში 34-ე წუთამდე წინ იქნებოდნენ. შერკინების საოცარ, არანორმალურ მიძალებებს მასპინძელთა შავკანიანი პირველხაზელები დიდი გაჭირვებით და ხშირად წესების დარღვევით უმკლავდებოდნენ, რასაც თედო აბჟანდაძის მიერ აკურატულად შესრულებული საჯარიმო დარტყმები მოჰყვებოდა ხოლმე. და ასე გრძელდებოდა 34-ე წუთამდე, ვიდრე რეფერიმ ქართველთა მხრიდან წესების გახშირებული დარღვევებისთვის ჯოხი ბექა საღინაძეზე გადატეხა, რომელმაც მთლიანობაში საოცარი მატჩი ჩაატარა – ხისტ და ძალისმიერ აფრიკელებს ისეთი ხისტი და ძალისმიერი ბოჭვები დაუპირისპირა, მასპინძლებს აშკარად დიდხანს ემახსოვრებათ.
ჰოდა, ბექას გასინბინების შემდეგ „ქურციკებმა ორი ლელო დაგვიდეს, არადა მანამდე 9:5 საქართველოს ნაკრები იგებდა. ტაიმი 19:9 მორჩა და იმედი გვქონდა, რომ მეორეშიც მინიმუმ იგივე სცენარი იქნებოდა, მაგრამ ჩემპიონებმა სისხლის გემო უკვე იგრძნეს და მთავარი ამოცანა მათი შეჩერება იყო.
ჩემი აზრით, ბორჯღალოსნებმა ეს ამოცანა ღირსეულად შეასრულეს – მთელი 40 წუთის განმავლობაში თავს იცავდნენ და მხოლოდ სამი ლელოს დადების უფლება მისცეს თამაშის იშტაზე მოსულ მსოფლიო ჩემპიონებს. ამიტომაც ეს თამაში ქართველებს აუცილებლად აქტივში უნდა ჩაეწეროთ. ინდივიდუალურად საუცხოოდ ითამაშეს ხსენებულმა საღინაძემ, კარგი იყო დავით გიგაური, ვინც სუპერვარსკვლავ მეორეხაზელ ებენ ეცებეთთან წაჩხუბებაც მოასწრო, სტატიკაში სასწაულებს აკეთებდა გურამ გოგიჩაშვილი, ჭაბუკი დავით ნინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონთანაც კარგი გაგებით თავხედობდა და თითქმის ყველა დაკიდებულ ბურთს ის დაეუფლა, ხოლო კაპიტანი ბუკა შარიქაძე უბრალოდ შეუდარებელი გახლდათ! გამოცდილმა ცენტრმა იმდენი ბოჭვა გააკეთა და მეტოქეს ბურთი იმდენჯერ აართვა, რომ მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს.
დანარჩენებმაც იომეს, იბრძოლეს, იჩხუბეს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა – 40:9 სამხრეთ აფრიკის ნაკრების სასარგებლოდ.
სერიის მეორე მატჩი 9 ივლისს გაიმართება, ოღონდ არა პრეტორიაში, არამედ იოჰანესბურგში.