მარკუს დანიელსონი არის 32 წლის შვედი ფეხბურთელი, რომელიც ჩინურ „დალიან პროში” თამაშობს და რომელიც უკრაინასთან ევრო 2020-ის მერვედფინალურ შეხვედრაში, 98-ე წუთზე, მოედნიდან გააძევეს. შვედეთის ნაკრების მწვრთნელი იან ანდერსონი ამბობს, რომ თამაშის ბედი უკრაინის სასარგებლოდ, სწორედ ამ გაძევებამ (ვიდეო) განაპირობა.

„ჩვენ ამ ტურნირზე კარგად ვთამაშობდით და უკრაინასთან შეხვედრაშიც გამარჯვებას ვაპირებდით. რად უნდა თქმა, რომ დანიელსონის გაძევებამ საბედისწერო როლი ითამაშა. ვფიქრობ, ეს გაძევება რომ არა, გამარჯვების გაცილებით უკეთესი შანსი გვექნებოდა.

და მაინც, ევროპის ჩემპიონატზე კარგად გამოვედით. ცუდად რომ გვეთამაშა, განაწყენებული ვიქნებოდი, მაგრამ ახლა ასე არ არის. გაძევების მერეც ვიბრძოლეთ თამაში პენალტებამდე და გამარჯვებამდე რომ მიგვეყვანა”.

უკრაინისა და შვედეთის შეხვედრაში ანგარიში 27-ე წუთზე „მანჩესტერ სიტის” 24 წლის მცველმა ოლექსანდრ ზინჩენკომ გახსნა, 43-ე წუთზე „ლაიპციგის” 29 წლის თავდამსხმელმა ემილ ფორსბერგმა გაქვითა, დამატებითი დროის ბოლოს, 120+1 წუთზე კი „დნიპროს” თავდამსხმელმა არტიომ დოვბიკმა უკრაინელთა გამარჯვების გოლი შეაგდო.

უკრაინა 3 ივლისს, რომის „სტადიო ოლიმპიკოზე” ინგლისს ხვდება.