უელსის ნაკრების ვარსკვლავი გარეთ ბეილი ევრო 2020-ის მერვედფინალში დანიასთან 0:4 დამარცხების შემდეგ, BBC-ს მიკროფონებს ისე გაექცა, ჟურნალისტს კითხვაც არ დაამთავრებინა. კითხვა კი ასეთი იყო: იყო თუ არა ეს შეხვედრა მისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში უკანასკნელი.
კერძოდ, ჟურნალისტმა თქვა: „ვიცი, რომ გუშინ გკითხეს, დანიასთან მატჩი უელსის ნაკრების შემადგენლობაში თქვენთვის ბოლო იქნებოდა თუ არა. თქვენ უპასუხეთ, რომ კიდევ ერთხელ გინდოდათ თამაში….”
აი, ამ დროს გაიქცა ბეილი, ისე რომ კითხვის დამთავრებას აღარც დაელოდა.
ბეილის საქციელმა სოციალურ მედიაში ორგვარი რეაქცია გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ვარსკვლავს ასეთი გაღიზიანება არ ეკადრებოდა, ნაწილი კი წერს, რომ მას კითხვა არასწორ დროს დაუსვეს.
ასეა თუ ისე, ბრიტანულ საზოგადოებას ბეილის საქციელმა გაახსენა ჟურნალისტ პირს მორგანის საქციელი, როდესაც ის ITV-ს გადაცემა „დილა მშვიდობისა ბრიტანეთოს” მსვლელობისას სტუდიიდან გავარდა. მორგანი მაშინ თანაწამყვან ალექს ბერესფორდის პოზიციამ გააბრაზა, როდესაც ამ უკანასკნელმა პრინც ჰარისა და პრინცესა მეგანის თემის მიმოხილვა დაუწუნა. მორგანმა მაშინ პროგრამა დატოვა.
მაგრამ, იყო კი გუშინდელი შეხვედრა ბეილის კარიერაში ბოლო? მისი ყოფილი თანაგუნდელი ეშლი უილიამსი ამბობს: „არ ვიცი, ალბათ, თავიდან გოლფის თამაშით შეიქცევს თავს და გულს გაიგრილებს. ბეილი ბოლო პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მას სრული უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, რას გააკეთებს მომავალში”.
უელსის ნაკრების კიდევ ერთმა ყოფილმა მოთამაშემ ჰალ რობსონ-კანუმ დასძინა: „მას კონტრაქტის თანახმად „რეალთან” კიდევ ერთი წელი აკავშირებს, იქ კი ყველა კარგად ხედავს რა ხდება. გასულ სეზონში გარეთს „ტოტენჰემ ჰოთსპურში” თამაშის შესაძლებლობა მიეცა და მე როგორც შევატყვე, კმაყოფილი იყო. როდესაც ფეხბურთელს ჯერ კიდევ შეგიძლია თამაში, ნაადრევი წასვლა აუცილებლად დაგწყვეტს გულს”.