შაბათს, 26 ივნისს ბორჯღალოსნები „ევროპის რაგბის“ 2021 წლის ჩემპიონატს დაასრულებენ და მე-13 საჩემპიონო ტიტულსაც გაიფორმებენ.
17 საათზე თელავის „კავკასიონი არენაზე“ ქართველებისა და ნიდერლანდელების შეხვედრა დაიწყება, რომელიც მოქმედი ჩემპიონისთვისა და მიმდინარე გათამაშების ლიდერისთვის, როგორც ზემოთ ითქვა, დასკვნითი იქნება, ხოლო მისი მეტოქისთვის – პირიქით, სასტარტო. კორონავირუსის პანდემიამ სარაგბო კალენდრებს მძიმე დარტყმა მიაყენა და ამიტომაც იყო, რომ „ევროპის რაგბის“ ჩემპიონატი ლამის დასრულებული იყო და მისი მეექვსე მონაწილე ბელგია-ნიდერლანდების მატჩში ჯერაც გასამართი იყო. საბოლოოდ, როგორც მიხვდებოდით, ამ უკანასკნელმა იმარჯვა და 19-წლიანი პაუზის შემდეგ ელიტურ დონეზე დაბრუნდა.
მოკლედ, საქართველო – ნიდერლანდები მრავალი თვალსაზრისით სიახლეების მატჩი იქნება: დიდი რაგბი კახეთს პირველად ესტუმრება, ნიდერლანდელები საქართველოში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად ჩამოვლენ, ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი, ხოლო 20-წლამდელთა ყოფილი კაპიტანი, 8 ნომერი ილია სპანდერაშვილი ეროვნული გუნდის ღვინისფერ კვართს საერთოდაც პირველად მოირგებს.
თავშივე აღვნიშნეთ, რომ საქართველო ამ მატჩის შემდეგ მე-13 საჩემპიონო ტიტულს იზეიმებს-თქო და ამის თქმის უფლებას ის ფაქტი გვაძლევს, რომ ნიდერლანდების ნაკრებთან საშინაო შეხვედრაში ქართველებს წლევანდელ ცხრილში პირველობის დასაბევებლად ფრეც ეყოფათ. თუმცა ცხადია, ამაზე არავინ ფიქრობს და მეტოქეც არაა იმ დონისა, რათა რამენაირი წინააღმდეგობა გაგვიწიოს. ქართველთა და ნიდერლანდელთა ბოლო შეხვედრა ჩვენი მომავალი მეტოქისთვის ხომ სავალალოდ დასრულდა – 0:88! იმ შოკიდან გამოსასვლელად ნიდერლანდურ რაგბს თითქმის 20 წელი დასჭირდათ და არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მადლიან კახეთში მოგზაურობა ამ გუნდისთვისმორიგ მენტალურ ტრავმად იქცეს, თუ, რაღა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე დამხვდურებმა ენოთერაპიის ტრადიციულ კურსს არ ჩაუტარებენ.
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. სერიოზულად კი, ამ მატჩის შემდეგს ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობააქვს, რადგან ამ ჩემპიონატის სტატისტიკა მომავალ სეზონთან ჯამში 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური უნდა მოგვიტანოს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
- ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი, 0 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (65, 25), 3. გიორგი მელიქიძე (27, 15), 4. ნოდარ ჭეიშვილი (30, 0), 5. კოტე მიქაუტაძე (66, 10), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (16, 10), 7. ბექა საღინაძე (20, 15), 8. ილია სპანდერაშვილი (0, 0), 9. ვასილ ლობჟანიძე (57, 45), 10. თედო აბჟანდაძე (24, 160), 11. მირიან მოდებაძე (15, 35), 12. მერაბ შარიქაძე (76, 60), 13. გიორგი კვესელაძე (33, 25), 14. აკა ტაბუცაძე (11, 45), 15. დავით ნინიაშვილი (5, 5).
მარქაფა
16. შალვა მამუკაშვილი (82, 55), 17. გურამ გოგიჩაშვილი (21, 5), 18. გია ხარაიშვილი (4, 0), 19. გიორგი ჯავახია (5 , 0), 20. ირაკლი ცხადაძე (3 , 0), 21. მიხეილ ალანია (4, 0), 22. დემურ თაფლაძე (8, 5), 23. გიორგი ბაბუნაშვილი (2, 3).