სეზონის ბოლოს, „რეალმა” ორი დიდი ფიგურა დაკარგა — მწვრთნელი ზინედინ ზიდანი და კაპიტანი სერხიო რამოსი. ორივე მათგანის წასვლას ერთი რამ ჰქონდა საერთო, ორივე საქმეში ამა თუ იმ ფორმით გარეული იყო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და იკვეთებოდა მასთან კონფლიქტის კონტურები.
El Transistor de Onda Cero-თან ინტერვიუში პერესი ორივე თემას შეეხო, თუმცა დეტალებში მაინც არ შესულა.
რამოსმა ერთ-ერთ ბოლო პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ „რეალის” ხელმძღვანელობამ მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ როდესაც ის ოფისში თანხმობის სათქმელად მივიდა, დაახვედრეს ამბავი, რომ შეთავაზებას ვადა გაუვიდა.
პერესმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ თავის ყოფილ კაპიტანთან კონფლიქტი არ სურს, სიტუაცია ასე განმარტა:
„მე სერხიოს ვეთაყვანები და ამიტომ დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა. ის „რეალის” ლეგენდაა. ყველაფერი, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით იყო სათქმელი, უკვე ითქვა. ჩემს ვერსიას არ მოვყვები, უბრალოდ ვიტყვი, რომ როდესაც ჩვენ რამოსს კონტრაქტი შევთავაზეთ, ისიც ავუხსენით, რომ ამ შეთავაზებას თავისი ვადა ჰქონდა. როგორც ჩანს, მას სხვანაირად ეგონა.
რთული დღეები გადავიტანე. სერხიო შვილივით მიყვარს. მე ის 2005 წელს ჩამოვიყვანე და გარწმუნებთ, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდება, რადგან ეს მისი სახლია. ასეთი ისტორიები სხვა ფეხბურთელებთანაც მქონია. მტყუან-მართლის გარჩევას არ შევუდგები. დეტალებში არ შევალ”.
რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, როდესაც მან „რეალიდან” წასვლის შესახებ განაცხადა, გამოაქვეყნა წერილი, რომელიც თავიდან AS-ში დაიბეჭდა, შემდეგ კი თავად მწვრთნელის სოციალურ ქსელში გამოჩნდა. ფლორენტინოს თქმით მას არ სჯერა, რომ ეს წერილი ზიდანმა დაწერა.
„შვილიშვილებს გეფიცებით, მე ის არ წამიკითხავს. მითხრეს, რომ ცუდი წერილი იყო. ზიდანი მას არ დაწერდა. ზიდანი ასეთი არ არის. ალბათ, ვინმემ დაწერა და მისი სახელით გამოაქვეყნა.
ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ? ის „რეალის” ლეგენდაა.
წასვლამდე, მე მას მთელი შუადღის განმავლობაში ველაპარაკე. ამ შეხვედრის დროს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც მერე წერილში დაწერა. ძალიან მძიმე სეზონი გვქონდა. იმ დღის მერე ზიდანთან კავშირი აღარც მქონია. არც კი ვიცი მადრიდშია თუ არა.
მის ადგილზე მე „რეალში” დავბრუნდებოდი, მაგრამ ის შეპყრობილია, ისე უნდა საფრანგეთის ნაკრების სათავეში ჩადგომა”.
შემდეგ, პერესმა ზიდანის საკითხში პრესა დაადანაშაულა. მან თქვა:
„მწვრთნელი, რომელიც კვირაში ოთხ პრეს-კონფერენციას მართავს, საბოლოოდ გამოიფიტება, აბა რა მოუვა. ზოგი კითხვა მას უბრალოდ არ ესმოდა. ხალხისა და ჟურნალისტების ერთ ნაწილს ის მოსწონდა, მეორე ნაწილს — არა. დღეში რვაჯერ ერთსა და იმავეს რომ შეგეკითხებიან, ემოციურად გადავისები”.