გერმანულ „შპორტ ბილდში” გამოქვეყნდა ჟურნალისტ პაულ რონზჰაიმერის სტატია, რომელშიც ავტორი უეფას აკრიტიკებს. მიზეზი: დღეს, გერმანიისა და უნგრეთის ნაკრებებს შორის ევრო 2020-ის შეხვედრის დროს, მიუნხენის „ალიანც არენა” ლგბტ თემის დროშის ფერებში უნდა განათებულიყო, მაგრამ უეფამ აკრძალა.

რონზჰაიმერი წერს, რომ ეს არის ფარისევლობა, რადგან უეფა ნებას რთავს „ყატარ ეარვეიზსა” და „გაზპრომს” გააჩახჩახონ სტადიონზე თავიანთი რეკლამები, ლგბტ თემს კი იგივე ეკრძალება, რადგან ის სპონსორებისგან განსხვავებით ფეხბურთის შეფებს არ ახეირებს.

ავტორი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ორივე ზემოხსენებული კომპანია თავიანთ ქვეყნებში აფინანსებს ჰომოფობიით განთქმულ რეჟიმებს, უეფა კი მათ მხარს უჭერს. გამოდის, რომ უეფა იმ ძალების თანამოაზრეა, რომლებიც გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს ებრძვიანო.

პაულ რონზჰაიმერი იხსენებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის პრეს-კონფერენციას, სადაც მან მინისტრს ჰკითხა, რატომ სჯიან ირანში ლგბტ ხალხს სიკვდილით.

„ჩვენს საზოგადოებას მორალური პრინციპები აქვს და ჩვენ ამ პრინციპების ერთგულები ვართო”, — უპასუხია მინისტრს.

ჟურნალისტი წერს, რომ უეფამ თავისი გადაწყვეტილებით, „ალიანც არენაზე” არ აანთებინოს ლგბტ ცისარტყელას ფერები, ფაქტობრივად ეს თქვა: „ყველამ შეგვხედეთ, გეი პროპაგანდა არც ევროპელებს გვინდა”.

მიუნხენში აგრეთვე დაგეგმილი იყო საპროტესტო აქცია, რომლის კრიტიკის ობიექტიც გახლდათ უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიკტორ ორბანი და მის მიერ პარლამენტში გატანილი კანონი, რომლის თანახმადაც მადიართა ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იკრძალება, წიგნების და ჰოლივუდი ფილმების ჩათვლით.

ბოლოს, პაულ რონზჰაიმერი მოუწოდებს მიუნხენის მუნიციპალიტეტს, უეფას აკრძალვის მიუხედავად გააკეთოს ის, რაც სწორია და „ალიანც არენა” მაინც გაანათოს ცისარტყელის ფერებად.