ევრო 2020-ის E ჯგუფის მეორე ტურში, პოლონეთის ნაკრებმა სევილიაში ესპანეთთან 1:1 ითამაშა, რითაც პოლონელთა პორტუგალიელი მწვრთნელი პაულუ სოუზა კმაყოფილი დარჩა.
„გადამწყვეტი ჩვენი მენტალიტეტი იყო, — თქვა „ბენფიკას”, „სპორტინგის”, „იუვენტუსის”, „დორტმუნდის”, „ინტერის”, „პარმას”, „პანათინაიკოსისა” და „ესპანიოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა, — მთავარი იყო ის ვაჟკაცობა, რომელიც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ.
შესვენებამდე, ჩვენი ნახევარმცველები ძალიან უკან იდგნენ, პასიურები იყვნენ, ინტენსიურობა აკლდათ, მოწინააღმდეგეს არ ბოჭავდნენ, თუმცა ასეთ დროსაც კი შევქმენით ორი აშკარა საგოლე მომენტი”.
შემდეგ, პაულუ სოუზამ პოლონელთა ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი შეაქო: „ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო კარგად ვითამაშოთ, რადგან მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ, სულ სხვაა, როდესაც გუნდში გყავს ისეთი ლიდერი, როგორიც რობერტ ლევანდოვსკია. ის იბრძვის, მას ყველა შეხვედრაში გამარჯვება უნდა, მის წინააღმდეგ უხეშობენ, ის თამაშობს გუნდურ ფეხბურთს, თავად გააქვს გოლები, აწვდის საგოლე გადაცემებს, მოედანზე ყველგან არის.
რობერტის მენტალიტეტი დანარჩენი გუნდისთვის სამაგალითოა. ის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. მას გააქვს გადამწყვეტი გოლები. ის ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება. მართალია, ნაკრებში გარს იგივე ფეხბურთელები არ აკრავს, რომლებთან ერთადაც „ბაიერნში” თამაშობს, მაგრამ დიდი ლიდერია”.