მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ევრო 2020 მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო — გერმანიას მოუგო 1:0, თან მიუნხენში. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად 28 წლის პოლ პოგბა დაასახელეს. „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ნაკრებში უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენა, რაც არავის გაკვირვებია.
სხვა საქმეა, რომ „ოლდ ტრეფორდზე” ფრანგი ვარსკვლავის შემყურე ფანებს კითხვა უჩნდებათ: რატომ თამაშობს ის ეროვნულ გუნდში ბრწყინვალედ, კლუბში კი ხშირად ვერ არის ასეთ სიმაღლეზე? გეხსომებათ პერიოდები, როდესაც მის „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლაზეც კი იწყებდნენ ხოლმე ლაპარაკს.
გერმანიისა და საფრანგეთის შეხვედრის გასარჩევად, ტელეკომპანია ZDF-ს „მიონხელნგლადბახის” 30 წლის ნახევარმცველი კრისტოფ კრამერი ჰყავდა მიწვეული. მან თქვა:
„გულწრფელად მაინტერესებს, რას აკეთებს პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში” მთელი წლის განმავლობაში. სად არის მთელი სეზონი? დღეს მან მსოფლიო კლასის ფეხბურთი ითამაშა. ამ თამაშის იმასთან შედარება, რასაც კლუბში აკეთებს ხოლმე, არ შეიძლება. როდესაც პოგბა თამაშის ხასიათზეა, მას ბადალი არ ჰყავს”.
თავად პოგბამ კი მატჩის დამთავრების შემდეგ თქვა: „ტურნირის გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გერმანიის ნაკრებს ვეთამაშებოდით, ძალიან ძლიერ გუნდს. ჩვენ მათ გავუძელით. ამ შეხვედრაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”.