დაიწყო „კოპა ამერიკა”. არგენტინისა და ჩილეს შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ანგარიში 33-ე წუთზე ლეო მესიმ საუცხოო საჯარიმო დარტყმით გახსნა. ბურთი „ბეტისისა” და ჩილეს ნაკრების მეკარის კლაუდიო ბრავოსგან მარცხენა მაღალ კუთხეში შევარდა. ბრავო, რომელიც ადრე ხან „ბარსელონაში” თამაშობდა და ხან „მანჩესტერ სიტიში”, ბურთს თითის წვერებით მიწვდა, მაგრამ მესის კარიერის 57-ე ჯარიმის გატანაში ხელი ვერ შეუშალა.

შესვენების შემდეგ, ჩილელები მობილიზებულები დაბრუნდნენ მოედანზე. 57-ე წუთზე, ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდა ედუარდო ვარგასს, რომელსაც არგენტინისა და „ასტონ ვილას” მეკარემ ემილიანო მარტინესმა არ გაატანინა, თუმცა გადმოვარდნილ ბურთს არტურო ვიდალი მივარდა, რომელიც წააქციეს.

პენალტი, ვიდალს მარტინესმა აუღო, მისგან ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ ასხლეტილს ვარგასმა მიუსწრო და ანგარიში გაქვითა.

ამის შემდეგ არგენტინელებს მეორე გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, ვაგლახ, ხელიდან გაუშვეს.

„რთული მატჩი გამოვიდა, — თქვა მატჩის შემდეგ დაქანცულმა მესიმ, — მშვიდად და სწრაფად უნდა გვეთამაშა. ბურთი მეტად უნდა გვეკონტროლებინა. თერთმეტმეტრიანმაც თავისი დაღი დაასვა შეხვედრას”.

დღესვე პარაგვაიმ ბოლივიას მოუგო 3:1.