წლევანდელი „როლან გაროსის“ ნახევარფინალი ვინც ნახა, ალბათ ძალიან დიდხანს არ დაავიწყდება. ტურნირის მეფედ შერაცხული რაფაელ ნადალი ATP-ს რეიტინგის ლიდერს, ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა. ორმა უდიადესმა ჩოგბურთელმა უდიადესი მატჩი შესთავაზა მაყურებელს, რომელიც 4 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. საბოლოოდ, ჯოკოვიჩმა ოთხ სეტში იმარჯვა – 3:6; 6:3; 7:6; 6:2.
მატჩის პერიპეტიებს აღარ შევყვებით, ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მოგაწვდით:
ჯოკოვიჩი და ნადალი ერთმანეთს მესამოცედ დაუპირისპირდნენ. სერბი წინ არის – 30:28;
კონკრეტულად „როლან გაროსზე“ მათ მეცხრედ ითამაშეს. ნოლემ მხოლოდ მეორედ შეძლო ესპანელის დამარცხება;
ნადალი „როლან გაროსზე“ ოდენ მესამედ დამარცხდა – პირველად, 2009 წელს რობინ სოდერლინგთან, 2015 და 2021 წლებში ჯოკოვიჩთან;
აქამდე, ვინც „როლან გაროსზე“ ნადალი დაამარცხა, ფინალში თავად დამარცხდა. წლეულს ამ „ტრადიციის“ დარღვევას ჯოკოვიჩი შეეცდება.