„სანი” ექსკლუზიურად აცხადებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” ევრო 2020-ის დამთავრების შემდეგ ჯეიდონ სანჩოს იყიდის.
„იუნაიტედი” „დორტმუნდთან” მოლაპარაკებათა აქტიურ ფაზაში ყოფილა. მხარეები თურმე უკვე თავად სანჩოს პირობებს ათანხმებენ. ინგლისის ნაკრების გარემარბი „ოლდ ტრეფორდზე”, ხუთი წლის განმავლობაში, კვირაში 350 000 გირვანქას მიიღებსო.
გერმანული კლუბი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” მას თავიდან 61 მილიონი გირვანქა შესთავაზა, მაგრამ იძულებული გახდა თანხა 78 მილიონამდე გაეზარდა, რასაც მანჩესტერში სანჩოს წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში კიდევ 10 მილიონი დაემატება.
„დორტმუნდს” სურს, რომ სანჩოს ტრანსფერი 23 ივლისისთვის მოგვარდეს, რადგან შემდეგ გერმანული გუნდი სეზონისწინა შეკრებას იწყებს.
სანჩო ახლა ინგლისის ნაკრებშია, ევრო 2020-ში უნდა მიიღოს მონაწილეობა და ადასტურებს, რომ გუშინ თანაგუნდელებთან სწორედ მის „იუნაიტედში” გადასვლაზე ლაპარაკობდა.
„ბიჭებმა ბევრი კითხვა დამაყარეს. ბუნებრივია, როდესაც წარმატებული ხარ, შენი ამბები აინტერესებთ. მე ვუთხარი, რომ ახლა, მათთან ერთად, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ”, — ყალბი დიპლომატიურობით თქვა სანჩომ.
talkSPORT-მა 21 წლის ფეხბურთელს პირდაპირ ჰკითხა, სატრანსფერო ვნებათაღელვა ამბები ინგლისის სახელით თამაშში ხომ არ შეუშლის ხელს.
„არა. ამ მხრივ აბსოლუტურად მშვიდად ვარ, — უპასუხა სანჩომ, — როდესაც მოედანზე გადიხარ, შენი საქმე უნდა აკეთო, რაც გეხერხება და როგორც გეხერხება. ფეხბურთში მთავარია ამ მომენტში რაზე ხარ კონცენტრირებული”.
„მანჩესტერ იუნაიტედმა” გაზაფხულზე სანჩოს დორტმუნდელი თანაგუნდელის, ერლინგ ჰოლანდის დაინტერესებაც სცადა, მაგრამ 20 წლის ნორვეგიელმა უპასუხა, რომ ის „რეალის” წინადადებას ელის. როგორც მოგვიანებით გაირკვა, „რეალს” ფინანსური პრობლემების გამო, ამ ეტაპზე მისი ყიდვა არ შეუძლია.
ახლა ამბობენ, რომ ჰოლანდში „ჩელსი” აპირებს 154,5 მილიონი გირვანქის გადახდას.