„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვით საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელდა!
ჯერაც ყაზანის „რუბინის“ გარემარბმა საოცარი სეზონი გამოაცხო – ახლა უკვე საერთაშორისო, სანაკრებო დონეზეც და აბსოლუტურად დამსახურებულად მოიპოვა ეს საპატიო წოდება, რომელსაც, სხვათა შორის, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, კახა კალაძე, აკაკი დევაძე და ქართული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავი ატარებს.
შეგახსენებთ: „სარბიელმა“ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა 1993 წელს დაიწყო და ჟურნალისტების შესაბამის გამოკითხვას რეგულარულადაც ატარებდა, ვიდრე დროებით ფუნქციონირებას არ შეწყვეტდა.
2019-ში კი ეს ტრადიციული რეფერენდუმი აღდგა, თუმცა შარშან პანდემიის სახით მას ახალი დაბრკოლება მოევლინა… მაგრამ ცხოვრება გრძელდება და „სარბიელიც“ – მასთან ერთად. 2021 წელს „სარბიელმა“ კომპანია „ლიდერბეთის“ ხელშეწყობითა და აქტიური მონაწლიეობით მორიგი, მე-19 გამოკითხვა მოაწყო, რომლის შედეგების გამოცნობაც რთული ისედაც არ უნდა ყოფილიყო…
თუნდაც ორიოდე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, 2021-ში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდებოდა, ცოტა არ იყოს გაკვირვებას გამოიწვევდა, მაგრამ სწორედ ეს ორი წელი აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ იმედისმომცემი, აშკარად ნიჭიერი და ბევრისთვის უცნობი ჭაბუკი ელვისებურად და ამასთან გეგმაზომიერად განვითარებულიყო, რის შედეგადაც პირველ სერიოზულ ჯილდოდ „სარბიელის“ აღიარებასაც მიიღებდა.
კი ბატონო, მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და ყაზანის „რუბინში“ ვარსკვლავურმა თამაშმა მას რუსეთის პრემიერლიგის ზედიზედ ორგზის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტული მოუტანა, მაგრამ „სარბიელმა“, უფრო სწორად კი ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა მის 20 წლის ასაკს ისეთივე პატივი სცეს, როგორც თავის დროზე ჯაბა კანკავას ვერტერანობას – დააფასეს რა მისი თავდადება ეროვნულ ნაკრებში თამაშისას. ხვიჩა კვარაცხელია გახდა საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი!
ესაა მისი შრომის დაფასებაც და სამომავლო ავანსიც – ჩვენ ხომ მისგან გაცილებით მეტს ველით?!
რესტორან „ბირ თაიმში“ „ლიდერბეთის“ მიერ მოწყობილ საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ყველა თაობამ მოიყარა თავი და მედიელთა გარდა კვარაცხელიას დაჯილდოების ამბავს ქართული ფეხბურთის ლეგენდებიც დაესწრნენ – ბატონები საშა ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია. სპორტის სამინისტროს, ქალაქის მერიის, ოლიმპიური კომიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები.
დიდმა კაპიტანმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მისი თაობის ფეხბურთელებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის ფუფუნება არ ჰქონიათ, ხოლო ხვიჩას და მის თანაგუნდელებს ამ მხრივ არათუ გაუმართლათ, არამედ პასუხისმგებლობა გაუათმაგდათ.
შემდეგ იყო წლის ლაურეატების დაჯილდოება და წლის ქალი ფეხბურთელის ტიტულის მფლობელად ლანჩხუთელი ირინა ხაბურზანია დასახელდა.
წლეულს პირველად გვქონდა „საუკეთესო დებიუტანტის“ ნომინაციაც. ყველას ავსტრიული „ვოლფსბერგერისა“ და საქართველოს ნაკრების განაპირა მცველმა გურამ გიორბელიძემ აჯობა, ვისაც 81-დან 70 კოლეგამ მისცა ხმა. ასევე პირველად, ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ ქალი ფეხბურთელი, ქ.ს.კ. „ლანჩხუთის“ წარმომადგენელი – ირინა ხაბურზანია დაასახელა.
ბოლოს კი, წლის მთავარი ჯილდო სეზონის მთავარ ქართველ ფეხბურთელს – ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა! ღიმილიანმა, მორიდებულმა და თავაზიანმა ახალგაზრდამ კარიერაში პირველი „ზრდასრული“ ტიტული სწორედ „სარბიელისგან“ მიიღო.