როგორც კი „ბარსელონამ” გამოაცხადა, რომ მწვრთნელის თანამდებობაზე რონალდ კუმანს ტოვებს, კლუბის ლეგენდამ ჩავი ერნანდესმა „ლა ვანგუარდიასთან” ინტერვიუში დუმილი დაარღვია.
ჰოლანდიელის სამსახურიდან გაშვების შემთხვევაში ჩავი „ბლაუგრანას” მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო.
„ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, „ბარსელონას” უკვე ორჯერ ვუთხარი უარი. ხან ოჯახს ვიმიზეზებდი, ხან პროფესიულ ფაქტორებს, ხანაც კონტრაქტს. „ბარსასთვის” უარის თქმა ყოველ ჯერზე ძალიან მძიმე იყო, რადგან კულე ვარ, მაგრამ ვიცოდი, რომ ჯერ ჩემი დრო არ დამდგარიყო”, — თქვა ყატარის კლუბის, „ალ სადის” თავკაცმა, რომელიც თავის სამომავლო გეგმებს არ მალავს, — „მე გულწრფელად ვიქცევი. არავის ვატყუებ. დიახაც, თავს „ბარსელონასთვის” ვამზადებ, მაგრამ კუმანი ჩვენი კლუბის ლეგენდაა და კონტრაქტის თანახმად „კამპ ნოუზე” კიდევ ერთი წელიწადი უნდა გაატაროს, ამას კი პატივისცემა სჭირდება”.
ამრიგად, ჩავი ჯერჯერობით „ალ სადში” რჩება. არ ჩქარობს.
„როდესაც ბარსელონაში ჩამოვედი, აეროპორტში ჟურნალისტები დამხვდნენ. ხალხმა მესიჯები მომაყარა, მაგრამ, ნუთუ მათ არავინ არაფერი უთხრა? „ბარსაში” კუმანი მუშაობს და თან, მე არსად მეჩქარება. ეს ისეთი საკითხია, როდესაც იქნება, იქნება”, — დასძინა ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულმა, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა.