ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებებმა მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” 0:0 ითამაშეს. მატჩის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ თქვა, რომ ფრის მიუხედავად ის თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.

მწვრთნელმა აგრეთვე თქვა, რომ 18 წლის ნახევარმცველი პედრი „ბარსელონაში” ჩატარებული დამქანცველი სეზონის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მზად არის. პედრი წარმოშობით კანარის კუნძულებიდან, კერძოდ ტენერიფედანაა, მაგრამ 2019 წლიდან „ბარსაშია”.

ლუის ენრიკემ ილაპარაკა გულშემატკივართა სტვენაზეც. სტვენის მიზეზი გახლდათ ის, რომ მას ევრო 2020-ზე არ მიჰყავს სერხიო რამოსი და მისი თანაკლუბელები „რეალიდან”.

„ამ სტვენამ ჩემზე ცუდად ვერ იმოქმედა. პირიქით, საბრძოლო განწყობაზე დავდექი. ასეთი სტვენა ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. მე გაცილებით უფრო გამაღიზიანა იმან, რომ მათ ფეხბურთელებს, კერძოდ კი ალვარო მორატას უსტვინეს. მორატა პირიქით, ტაშს იმსახურებდა. ბოლოს მან ძელსაც გაარტყა ბურთი და ამის გამო ვერ ვუსაყვედურებ.

რაც შეეხება პედრის, მოგახსენებთ, რომ ამ 18 წლის ბიჭს ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო ფიზიკური მონაცემები აქვს და მის გამძლეობაში ეჭვი არ მეპარება. სვამენ კითხვას, ხომ არ დაიღალა ის რთული სეზონის ბოლოს? მინდა გიპასუხოთ, რომ მის ძალასა და კლასში, რომელსაც ის ჩვენს ნაკრებს ჰმატებს, ეჭვი არ მეპარება”.

პორტუგალიის ნაკრებში თავიდან ბოლომდე ითამაშა კრიშტიანუ რონალდუმ.

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფშია. ამავე ჯგუფში არიან პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი.

ესპანეთი და შვედეთი ერთად არიან მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ B ჯგუფშიც, სადაც საქართველოს ნაკრებიც გამოდის. ესპანეთმა საქართველოში 2:1 მოიგო. ამ გუნდების მეორე შეხვედრა 5 სექტემბერს ესპანეთში გაიმართება.