საქართველოს ნაკრებისა და „კლერმონის“ ბურჯი დავით ზირაქაშვილი თავის ყოფილ კლუბს კარიერის დასრულებიდან ერთი წლის თავზე უბრუნდება.
2020 წლის ზაფხულში „ზირაქამ“ კარიერა პანდემიის პირობებში, საზეიმო გაცილების გარეშე დაასრულა, მაგრამ რაგბში კი დარჩა – „ლა როშელში“ შერკინების კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. ეს თანამდებობა სრულფასოვან მწვრთნელობას არ ნიშნავდა – ჩემპიონთა თასის ფინალისტ კლუბში ქართველი აწ უკვე სპეციალისტი ფორვარდების საშტატო მწვრთნელსა და გუნდის თავკაცს კვირაში 2-4 დღე ეხმარებოდა.
ახლა კი სიტუაცია ასეთია: „კლერმონი“ ფრანკ აზემამ დატოვა, ვინც „ყვითელი წყალქვეშა ნავიდან“ მთელი თავისი სტაფი გაიყოლა. ამიტომაც იყო, რომ „ლა როშელის“ ცნობილმა ზელანდიელმა დამრიგებელმა ჯონო გიბსმა „კლერმონის“ სათავეში ჩადგომისთანავე ასევე თავის ხალხს უხმო და მათ შორის დათო ზირაქაშვილსაც. ოღონდაც, როგორც ფრანგული პრესა იტყობინება, ამჯერად „ზირაქა“ თავის მშობლიურ კლუბში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად და ფორვარდების საშტატო მწვრთნელად იმუშავებს.