ანტონიო კონტემ მილანის „ინტერი” რომ გააჩემპიონა და მალევე დატოვა, ძველი ამბავია.

ახალი ის არის, რომ „ნეროაძურის“ უკვე ახალი მწვრთნელი ჰყავს – სიმონე ინძაგი.

ინძაგისა და მილანური კლუბის თანამშრომლობა 2-წლიანი კონტრაქტით გაფორმდა.

მართალია, ინძაგი „ლაციოს” პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს შეუთანხმდა კონტრაქტს 2024 წლამდე გავაგრძელებო, მაგრამ ინტერის წინადადება რომ მიიღო, შეთანხმება დაარღვია.

ინძაგის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს სწორედ „ლაციოში” დაიწყო და სხვაგან არ უმუშავია.

შედეგები კარგი ჰქონდა – ორჯერ იტალიის სუპერთასი მოიგო, ერთხელ იტალიის თასი.

გარდა ამისა, 13-წლიანი პაუზის შემდეგ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა.