„ჩელსის” რომელუ ლუკაკუს ყიდვა უნდოდა, მაგრამ ბელგიელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს უარი შეუთვალა, „ინტერში” ვრჩებიო.

თომას ტუხელს იმდენად სურდა 28 წლის ფორვარდის შეძენა, რომ მის „სტემფორდ ბრიჯზე” დასაბრუნებლად მილანელთათვის სერიოზულ წინადადებასაც ამზადებდა — „ჩელსი” თურმე ექვსი(!) ფეხბურთელის გაყიდვას აპირებდა ლუკაკუს საკმარი ფული რომ შეეგროვებინა.

კორონაპანდემიის გამო „ნეროაძური” ფინანსურად რთულ მდგომარეობაშია. კლუბმა გაუშვა მწვრთნელი ანტონიო კონტე და „ჩელსისაც” ეგონა, რომ კონტეს გარეშე „სან სიროზე” დარჩენა აღარც ლუკაკუს მოუნდებოდა, მაგრამ შეცდა. ბელგიელმა განაცხადა, რომ თავის მომავალს მხოლოდ იტალიაში ხედავს და აპირებს „ინტერს” კიდევ მოაგებინოს სკუდეტო.

გასულ სეზონში, „შავ-ლურჯი” მაისურით ლუკაკუმ 36 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს ათი საგოლე პასი ჩააწოდა. „ინტერმა” 2010 წლის შემდეგ პირველად მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული.

„იტალიაში ვრჩები, — თქვა თავდამსხმელმა ბოლო ინტერვიუში, — მე და ახალმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ უკვე ვილაპარაკეთ კიდეც. შეიძლება, ჯერ ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ ჩვენი საუბარი ძალიან დადებითი გამოვიდა. „ინტერში” თავს კარგად ვგრძნობ და მსურს კიდევ ერთხელ მოვიგო სკუდეტო”.