2022 წელს საქართველო ევრობასკეტს უმასპინძლებს. საამისო მზადება დაწყებულია, ჯგუფები ცნობილია.
თბილისში ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები გაისად, სექტემბერში ჩამოვლენ. ოთხი საუკეთესო ფლეი ოფში მოხვდება და სხვა ჯგუფების 12 საუკეთესო გუნდთან ერთად ბრძოლას უკვე ბერლინში გააგრძელებს.
რამდენად მისაღები ჯგუფია და რა სტადიაშია დარბაზის მშენებლობა, ამ თემებზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გვესაუბრა:
– რუსეთი რომ ვერ აგვცდებოდა, წილისყრამდე იყო ცნობილი. ვერ ვიტყვით, რომ ისეთივე ძლიერია, როგორც გასულ წლებში. თუ რამე კარდინალური არ მოხდა, ევროპის ჩემპიონატმდე დარჩენილ დროში არაფერი შეიცვლება. რუსები თაობათა ცვლას განიცდიან და ეს ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ.
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია და მათი თბილისში ხილვა გულშემატკივრებისთვის სიამოვნება იქნება. ერთია, რუსების მსგავსად მათაც აქვთ თაობათა ცვლის პრობლემა და, შესაძლოა, რამდენიმე დიდი კალათბურთელი – მაგალითად, ძმები გასოლები, ლული და ფერნანდესი ვერ ვიხილოთ, მაგრამ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიგა აქვთ და ძლიერი კალათბურთელებიც მრავლად ჰყავთ. პლუს, მსოფლიო ჩემპიონის საქართველოში ჩამოსვლა პრესტიჟულია.
არანაკლებ სერიოზული გუნდი იქნება თურქეთის ნაკრები. ყველაფერს თავი დავანებოთ, შეი ლარკინი დაიმატეს და ესპანელებთან ერთად ჯგუფის ფავორიტები არიან. ვიტყოდი რომ, თურქეთი არამარტო ჯგუფის – ევროპირველობის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. თუმცა, ჩვენ მზად ვიქნებით მათთან სათამაშოდ.
ბელგია ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი გუნდია. შეუძლიათ სიურპრიზების შეთავაზება. ამ გუნდზე წარმოდგენა გვაქვს – ვიცით, რომ იქნება საშუალო დონის გუნდი. მათთან მოგება გვაქვს დაგეგმილი…
ბულგარეთი თითქოს აუტსაიდერი მოჩანს, მაგრამ ამ გუნდმა ტურნირს მიღმა დატოვა ლატვიის ნაკრები და ბოლო თამაში სტუმრად მოუგო. ფურცელზე აუტსაიდერი ჩანს, მაგრამ ხელწამოსაკრავი გუნდი არ იქნება. ჩვენ ფავორიტები ვიქნებით ბულგარეთთან და ეს უნდა დავამტკიცოთ.
ვიტყოდი, რომ ძლიერი ჯგუფია, მაგრამ საქართველოს ნაკრები ბოლო დროს მოედანზე ყველასთან მოსაგებად გადის და ეს სერბეთთან თამაშისას დამტკიცდა. ჩვენი მთავარი მიზანია ჯგუფიდან გასვლა, ბერლინში კი, ყველა თამაში ფინალის ტოლფასი იქნება.
რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება რაც შეიძლება მაღალი ადგილით გავიდეთ, მაგრამ, თუ გადავხედავთ იმ ჯგუფს, საიდანაც უკვე ფლეი ოფში შევხვდეთ მეტოქეს, პოტენციალით ყველა ერთნაირია“, – გვითხრა გურასპაულმა.
გუნდის გარდა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დარბაზის დროულად დამთავრებაა – 2022 წლის სექტემბრისთვის მზად უნდა იყოს.
„დარბაზთან მიმართებაში პასუხისმგებლობა სახელწიფოს აქვს აღებული და ეს საკითხი მათ უკეთ იციან. შესაძლოა, კორონავირუსიდან გამომდინარე რამე შეფერხებები ქონდათ, მაგრამ ვხედავთ, რომ სწრაფი ტემპით შენდება და დასასრულს უახლოვდება. თებერვლში მსოფლიოს შესარჩევი ეტაპი იწყება და კარგი იქნება იმ დროისთვის მზად თუ იქნება. ეს არის ჩვენი თხოვნა მშენებლებთან, რომელთაც წელიწადნახევარია დღე არ გაუცდენიათ. ეს ევროპის ჩემპიონატისთვის გარკვეული ტესტირებაც იქნება“, – დასძინა გურასპაულმა.