„ბარსელონას” ახალწვეული სერხიო აგუერო ამბობს, რომ მისთვის ლეო მესის მხარდამხარ თამაში ახდენილი ოცნებაა.
„ჩვენ, რასაკვირველია, ვოცნებობთ, რომ ერთად გვათამაშებენ. მოედანზე მის გვარდით ყოფნა დიდი სიამოვნებაა. თუ ის აქ დარჩება — და მგონია, რომ ასეც მოხდება — საქმეში მთელს გულს ჩავდებთ და ყველა ღონეს ვიხმართ, დიდი ჯილდოები რომ მოვიგოთ. ჩემი აზრით „ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ამას იმიტომაც ვამბობ, რომ აქ ლეო თამაშობს”.
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, „მანჩესტერ სიტისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო, თქვა, რომ მას და მესის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ.
„ჩვენ არგენტინის ნაკრებში ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. იქ, ყოველდღე ვლაპარაკობთ და ვვარჯიშობთ, რადგან ნაკრები იშვიათად იკრიბება და ჩვენ ერთმანეთის ნახვის ბედნიერება ხშირად არ გვაქვს. ახლა, „კოპა ამერიკაზე” ერთად ყოფნა შესანიშნავი იქნება”.
„მანჩესტერ სიტიმდე” აგუერო მადრიდის „ატლეტიკოში” თამაშობდა. ის 32 წლის არის. მან „ბარსელონასთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, კლუბმა კი მის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო დათქვა.
მესის და აგუეროს „არგენტინის” ნაკრების შემადგენლობაში ერთად 77 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. აგუეროს მესის პასით 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მესის აგუეროს პასით — 8.
ორივენი ერთად, 2005 წელს 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, 2008 წელს კი ოლიმპიური ოქრო მოიგეს.