ჟესუსი და სტერლინგი

„მანჩესტერ სიტი” „ტოტენჰემს” ჰარი კეინში რაჰიმ სტერლინგსა და გაბრიელ ჟესუსს უცვლის.

ეს მხოლოდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს — პრემიერლიგის ჩემპიონს იმდენად სურს თანაქალაქელი მოქიშპის „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჩემპიონთა ლიგის მფლობელის „ჩელსის” ხახამშრალი დატოვება, რომ მზად არის ორი წამყვანი ფეხბურთელი დათმოს.

მას მერე, რაც 27 წლის კეინმა „სფურზის” ხელმძღვანელებს გამოუცხადა, რომ სხვა კლუბში სურს გადასვლა, მასთან დაკავშირებით ასეთი ხმაური ჯერ არავის გამოუწვევია.

თავად კეინსაც ყველაზე მეტად „სიტიში” სურს თამაში. ამასწინათ, ერთ-ერთ ინტერვუში, ინგლისის ნაკრების კაპიტანმა დაასახელა ვარსკვლავი, რომელთან პარტნიორობაზეც ოცნებობს. ის ბელგიელი კევინ დე ბრუინი ყოფილა.

„ტოტენჰემის” ფანები კი კლუბის პრეზიდენტ დენიელ ლევიზე ისედაც გაბრაზებულები არიან, ვინაიდან მორიგი სეზონი მიილია, ტიტული კი არა და არ ჩანს. ახლა, ამას კეინის გაყიდვაც რომ დაემატოს, „დეზების” ბანაკში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. გარდა ამისა, ლევი ხომ ერთ-ერთი იმ პრეზიდენტთაგანია, რომელსაც სურდა თავისი კლუბი ევროპის სუპერლიგაში ჩაერთო, მაგრამ რომელ სუპერლიგაზე ლაპარაკობ, როდესაც საუკეთესო თავდამსხმელი კონტრაქტის ამოწურვამდე სამი წლით ადრე გაგირბის?

ადრეც დაგვიწერია, რომ ლევი მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინოს დაბრუნებასა და კეინის გუნდში დატოვებას ამ ბერკეტის გამოყენებით აპირებს. გარდა ამისა, „სფურზის” თავმჯდომარემ გადაწყვიტა მყიდველები ფინანსურადაც დააფრთხოს და 23 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირს ფასად 150 მილიონი გირვანქა დაადო.