„მე, რასაკვირველია, მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ერთი თვისება მაქვს — ყველას, იქნება ის ფეხბურთელი, რომელიმე მწვრთნელი თუ კლუბის სხვა თანამშრომელი, შემიძლია შთავბერო ის ძალა და რწმენა, რომელიც მიზნის მისაღწევად არის საჭირო. მე ზუსტად შემიძლია გითხრათ, თუ რა სჭირდება გუნდს. „რეალში” გატარებული 20 წლის განმავლობაში გავისიგრძეგანე, რომ თქვენ, ფანებო, რასაკვირველია გამარჯვებას ითხოვთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გინდათ ხედავდეთ, რომ ჩვენ მწვრთნელები, კლუბის თანამშრომლები და რასაკვირველია ფეხბურთელები, საქმეში მთელს გულსა და სულს ვდებთ. და გარწმუნებთ, რომ ჩვენ, ზუსტად ასე ვიქცეოდით, „რეალს” ჩვენი შესაძლებლობების 100 პროცენტს ვაძლევდით”, — ასეთი სიტყვებით მთავრდება „რეალის” ლეგენდის, აწ უკვე გადამდგარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის მიმართვა გულშემატკივრებისადმი.
ფრანგმა, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე” პირველად 2001 წელს ფეხბურთელის რანგში მივიდა, „რეალი” ცხოვრებაში მესამედ დატოვა. პირველად ეს მოხდა 2006 წელს, როდესაც თამაშს დაანება თავი, მეორედ — 2018-ში და მესამედ ახლა.
მიმართვაში ზიდანი ქომაგებს განუმარტავს, თუ რატომ დატოვა გუნდი.
შესავალში, ფეხბურთელის რანგში ჩემპიონთა ლიგის ერთგზის, ხოლო მწვრთნელის რანგში სამგზის გამარჯვებული წერს, რომ „რეალში” გატარებული 20 წელიწადი მისთვის უძვირფასესი იყო. ფანებმა მას პირველივე დღიდან აგრძნობინეს სიყვარული და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უდიადეს კლუბში კიდეც თამაშობდა და შემდგომ მწვრთნელადაც მუშაობდა, ის უპირველეს ყოვლისა „რეალის” ჩვეულებრივი გულშემატკივარია. ზიდანი წერს:
„2019 წლის მარტში, რვათვიანი შესვენების შემდეგ, თანამდებობაზე დაბრუნება რასაკვირველია ფლორენტინო პერესის თხოვნის გამო გადავწყვიტე, მაგრამ ეს ნაბიჯი იმიტომაც გადავდგი, რომ იმავეს თქვენ, ფანები მთხოვდით ყოველდღიურად. ნებისმიერი თქვენგანი, რომელიც ქუჩაში მხვდებოდა, უდიდეს მხარდაჭერასა და ჩემი დაბრუნების სურვილს მაგრძნობინებდა…
… მაგრამ, ახლა ისევ გადავწყვიტე გუნდიდან წასვლა და შევეცდები მიზეზი ზედმიწევნით ზუსტად აგიხსნათ. დიახ, მივდივარ, მაგრამ არც ის კაპიტანი ვარ, გემიდან პირველი რომ ხტება და არც მწვრთნელის პროფესია მომყირჭებია. 2018 წლის გაზაფხულზე იმიტომ წავედი, რომ ორწელიწადნახევრის განმავლობაში უამრავი ტიტულის მოგების შემდეგ ვიგრძენი, — დონის შესანარჩუნებლად გუნდს ახალი მიდგომა სჭირდებოდა. ახლა კი, მიზეზი სულ სხვაა. მივდივარ, რადგან ვგრძნობ, რომ კლუბს ჩემი ისე აღარ სწამს, როგორც მე მჭირდება. ვეღარ ვხედავ საშუალო და ხანგრძლივ მომავალზე გათვლილ მხარდაჭერას.
მე ფეხბურთი ვიცი და „რეალის” მასშტაბის კლუბის მოთხოვნებს კარგად ვხვდები. თუ ვერ იგებ, უნდა წახვიდე. მაგრამ, ამასთან ერთად, ვხედავ, რომ დავიწყებას მიეცა ყველაფერი, რასაც ყოველდღიური მუშაობით მივაღწიე. ყველაფერი, რაც ფეხბურთელებთან ურთიერთობით ავაწყე. რაც დავალაგე იმ 150 ადამიანთან მუშაობით, რომელიც ჩემს გარშემო ტრიალებდა.
მე ბუნებით მებრძოლი ვარ და გამარჯვებისთვის გახლავართ დაბადებული. „რეალშიც” სწორედ ამისათვის ვიყავი, მაგრამ ნებისმიერ გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი ხალხია, მათი განცდები, საკუთრივ ცხოვრება და მრჩება შთაბეჭდილება, რომ აქ, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა. არავინ დაუკვირდა, რომ დიდი კლუბის დინამიკას ადამიანური ურთიერთობები ინარჩუნებს. და მე ამისთვის სასტიკად გამაკრიტიკეს.
მე კი მინდოდა მეტი პატივი ეცათ იმისთვის, რასაც ერთად მივაღწიეთ. მინდოდა, ჩემი ურთიერთობა პრეზიდენტთან განსხვავებული ყოფილიყო სხვა კლუბების მწვრთნელებისა და პრეზიდენტების ურთიერთობებისგან. პრივილეგიებს რასაკვირველია, არ ვითხოვდი, ასე ნურავინ გამიგებს, მაგრამ, მინდოდა უფრო დაკვირვებით მიმოეხედათ გარშემო. დღეს, დიდი კლუბის მწვრთნელი ორწლიანია, ხოლო იმისათვის, რომ თანამშრომლობა მეტხანს გაგრძელდეს, ადამიანური ურთიერთობებია საჭირო. ურთიერთობები, რომლებიც ფულზე, დიდებაზე და საერთოდ ყველაფერზე უფრო მაღლა დგას. ურთიერთობები, რომელთაც გაფრთხილება სჭირდება.
აი, რატომ მეტკინა გული, როდესაც ერთ დღეს პრესაში წავიკითხე, რომ თუ შემდეგ თამაშს ვერ მოვიგებდით, სამსახურიდან უნდა გავეშვით. ამ ნათქვამმა ჩემზეც იმოქმედა და გუნდზეც, რადგან ცხადი იყო, რომ ეს სიტყვები განზრახ შეაგდეს მედიაში. ამ სიტყვებმა ცუდად იმოქმედა ფეხბურთელებზე, ეჭვი და გაუგებრობა გამოიწვია. საბედნიეროდ, მე გუნდში მყავდა საუცხოო ბიჭები, რომლებიც საჭირო რომ ყოფილიყო, სიკვდილამდე მხარში დამიდგებოდნენ. როდესაც მდგომარეობამ მახინჯი ელფერი მიიღო, მათ ძალა მოიკრიბეს და უმნიშვნელოვანესი თამაშები მოიგეს. ისინი მე მენდობოდნენ და მე ვენდობოდი მათ”.