თომას ტუხელმა გაიმარჯვა! ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პორტუს „ესტადიო დო დრაგაოზე”, გერმანელმა ერთ მუშტად შეკრული, კარგად დაბალანსებული გუნდი გაუშვა „მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ სათამაშოდ და 1:0 მოიგო. უნებლიედ გახსენდება მატჩის წინა დღეს „სიტის” თავკაცის, სახელოვანი პეპ გვარდიოლას სიტყვები, რომლებიც ბევრ ინგლისურ გაზეთსა თუ საიტს დიდი ასოებით, სათაურად ჰქონდა გამოტანილი: „მე ზუსტად ვიცი როგორ უნდა ვითამაშო!”

არათუ თამაშის დამთავრების შემდეგ, არამედ უკვე პირველი ტაიმის მსვლელობის და შესვენების დროს, ჯერაც ნედლ ანალიზებში, ყველა ტელეკომპანიის ექსპერტი თუ კომენტატორი გაოცებას გამოთქვამდა, რომ კატალონიელს მაინცდამაინც ფინალში მოუნდა ტაქტიკური ექსპერიმენტი, რაც სრული ავანტიურა გახლდათ.

თამაშის შემდეგ წერდნენ, რომ ეს იყო „დიდი ალქიმიკოსის” ბოდვითი შეცდომა, როდესაც ირღვევა ზღვარი გენიალურ გადაწყვეტილებასა და სიგიჟეს შორის. „ქალაქელები” საყრდენი ნახევარმცველის და შტატიანი ცენტრფორვარდის გარეშე უხერხემლო გუნდად წარმოჩდნენ და წააგეს.

მაშ ასე, ტუხელმა ბოლო ექვს თვეში სამჯერ მოუგო „მანჩესტერ სიტის”. სამჯერ, სხვადასხვა შეჯიბრებაში.

საოცრებაა: გერმანელი მწვრთნელი საახალწლოდ „პარი სენ ჟერმენიდან” გააგდეს. „ჩელსიმ” ის შუა სეზონში აიყვანა, როდესაც ფრენკ ლემპარდის ხელმძღვანელობით არაფერი გამოსდიოდა და… სეზონი ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულა.

გამარჯვების გოლი კაი ჰავერცმა მეისონ მაუნტის ჩინებული პასით გაიტანა.

„ლურჯებს” შორის გამოირჩეოდნენ ჰიპერაქტიური ნგოლო კანტე, გაუვალი ცენტრალური მცველი ანტონიო რუდიგერი და ფლანგელები რიის ჯეიმსი და ბენ ჩილველი. ინგლისში წერენ, ჯეიმსმა რაჰიმ სტერლინგი ჯიბეში ჩაისვა და ახლა უნდა ამოუშვას, რადგან რამდენიმე დღეში ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ერთად ექნებათ სათამაშოო.

და მაინც, მთელი მსოფლიოს მიმომხილველთა ერთობლივი აზრით, „ჩელსიმ” ისტორიაში თავისი მეორე ჩემპიონთა ლიგა გვარდიოლას დახმარებით მოიგო.

„ქალაქელების” თავკაცს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ხშირად უწუნებდნენ თამამ ექსპერიმენტებსა და იდეების სიჭარბის გამო გადადგმულ სრულიად ზედმეტ ნაბიჯებს. არადა, თითქოს რა მარტივია: როდესაც გაქვს გამარჯვების ფორმულა, იცი სქემა, რომლის წყალობითაც იგებ, ნუღა შეცვლი მას. საყოველთაო აზრით, ფინალში, „ჩელსის” წინააღმდეგ, ერთ-ერთ ჩამშლელ ნახევარმცველს, ფერნანდინიოს ან როდრის უნდა ეთამაშა.

რაც შეეხება „ცრუ ცხრა ნომერს”, მას გვარდიოლასთვის სამწვრთნელო კარიერაში ხშირად გაუმართლებია, მაგრამ ამჯერად იდეამ არ ივარგა — კევინ დე ბრუინი ვერ დე ბრუინობდა, შემდეგ კი სულაც დაშავდა და აცრემლებულს მოედნის დატოვება მოუწია.

„ჩელსის” მეკარეს ედუარ მენდის თამაშში სერიოზულად ჩართვა ერთხელაც არ დასჭირვებია.

და ლონდონი წუხელ გალურჯდა. თუმცა, ლონდონი კი არა, პორტუც კი გალურჯდა და არა მარტო „ესტადიო დო დრაგაო”, არამედ მთელი ქალაქი, რადგან დასავლეთ ლონდონიდან პორტუგალიას იმაზე მეტი ინგლისელი ფანი ესტუმრა, ვიდრე ბილეთი იშოვებოდა. ისინი ქალაქის ქუჩებში ატმოსფეროს აგემოვნებდნენ.

ამის შემდეგ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდებოდა თავად ინგლისის დედაქალაქში.

ბოლოს კი კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: წუხელ, „დრაგაოზე” ერთმანეთს პირველად შეხვდნენ „ჩელსის” პრეზიდენტი რომან ამბრამოვიჩი და მწვრთნელი თომას ტუხელი…