ბოლო დღეებში, მაურისიო პოჩეტინოზე ბევრს ლაპარაკობენ. მას მერე, რაც ზინედინ ზიდანმა „რეალი” დატოვა, არგენტინელს „სანტიაგო ბერნაბეუსთანაც” აკავშირებენ, მაგრამ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცი დენიელ ლევი დარწმუნებულია, რომ ყოფილ თანამშრომელს დაიბრუნებს.

ინგლისურ პრესაში დაიწერა, თითქოს თავად პოჩსაც სულ მეტად და მეტად უნდა ძველ სამსახურში დაბრუნება. „სანი” წერს, რომ მხარეები უკვე დაუკავშირდნენ კიდეც ერთმანეთს.

ლევისთვის პოჩეტინიოს დაბრუნება ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას ნიშნავს — კარგი მწვრთნელიც ეყოლება და მთავარ ვარსკვლავს ჰარი კეინსაც დაიტოვებს. თურმე, მართალია 27 წლისა ისე მოიყარა, რომ „ტოტენჰემის” ხელში ერთი ტიტულიც არ მოუგია, კეინი პოჩეტინოს ხათრით „ახალ „უაით ჰართ ლეინზე” დამრჩენი ყოფილა.

პოჩეტინოს კი, როგორც პრინციპულ ადამიანს, არ ტოვებს შეგრძნება, რომ „სფურზში” საქმე აქვს მისამთავრებელი.

გარდა ამისა, ამბობენ, რომ არგენტინელს, „პარი სენ ჟერმენის” სპორტულ დირექტორ, ბრაზილიელ ლეონარდოსთან ურთიერთობა დაეძაბა. თურმე მწვრთნელს არ სიამოვნებს, რომ დირექტორი მზად არის კილიან მბაპე „რეალს” მიჰყიდოს.

თავის მხრივ, ლეონარდოსაც აქვს პოჩეტინოსთან პრეტენზია — „პარი სენ ჟერმენი” ვერც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ვერ გავიდა.

გერმანული „შპორტ ბილდი” პოჩეტინოზე ლაპარაკისას ასეთ პარიზულ გამოთქმას იგონებს: Ici c’est Paris! ანუ, ეს პარიზიაო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქში ყველაფერი სხვანაირად არის, ვიდრე „ნორმალური” ქალაქების „ნორმალურ” კლუბებში.