ზინედინ ზიდანმა გადაწყვიტა „რეალი” დატოვოს. მსოფლიო ფეხბურთის ფრანგმა ლეგენდამ წერტილი დაუსვა თავისი სამწვრთნელო კარიერის მეორე ეტაპს მადრიდული კლუბის თავკაცის თანამდებობაზე.
ხსენებულ ეტაპზე, ზიდანმა „რეალს” ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა, თუმცა ბოლო სეზონში კლუბი უტიტულოდ დარჩა.
მწვრთნელს, რომლის ხელშიც მადრიდელებს სულ მოპოვებული აქვთ ორჯერ ლა ლიგა, ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას სუპერთასი, ორჯერ მსოფლიოს კლუბთა თასი და ორჯერაც ესპანეთის სუპერთასი, ნათქვამი ჰქონდა, რომ თავისი მომავლით „რეალს” არ შეაწუხებდა და კლუბისთვის მეტად იოლ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
საინტერესოა, რომ ზიდანმა გადაწყვეტილება იმ კვირაში მიიღო, როდესაც მადრიდს გაერიდა და დასასვენებლად გაემგზავრა, ხოლო მისი ფეხბურთელები ინტერვიუებში დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მათი მწვრთნელი არსად წავიდოდა.
„თეთრების” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ახლა ზიდანის შემცვლელის ძიებაშია. ის განიხილავს მასიმილიანო ალეგრის, ანტონიო კონტეს, რაულისა და ჩაბი ალონსოს კანდიდატურებს.