შეხედავთ ამ გოგონას, გადახედავთ მის ნაწერს და გეამაყება: რაღაც მართლაც გაუკეთებია „სარბიელს“. როცა გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა, თინათინ ცეცხლაძე დაბადებულიც არ იყო, მაგრამ გაზეთი თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე პოპულარული ხდებოდა. ბევრჯერ უთქვამთ და ჩვენ, ერთხელაც გავიმეორებთ, ახალგაზრდები მშობლებისგან მიცემულ ხაჭაპურის ფულს იკლებდნენ, რომ „სარბიელი“ ეყიდათ; „მარშრუტკის“ ნაცვლად ფეხით მიდიოდნენ, რომ „სარბიელი“ შეეძინათ; გამყიდველს ფულს წინასწარ უტოვებდნენ მომდევნო დღის „სარბიელი“ რომ დაეხვედრებინა…
აი, რას წერს თინათინ ცეცხლაძე… შეუძლებელია, ძლიერ არ გესიამოვნოს…
„მკითხველი ძალიან პატარა ასაკში გავხდი. ჩემს ბავშვობაში არ მქონდა ისეთი ჩანაწერების გაცნობის საშუალება,როგორც ახლა მაქვს. ყოველთვის მინდოდა რამე აკადემიური და გულშიჩამწვდომის წერა. როცა ოჯახში ეს შეამჩნიეს, „სარბიელს“ მაზიარეს. გარდა ამისა, აკა მორჩილაძის (გიო ახვლედიანის) დიდი გულშემატკივარი ვიყავი და სიხარულით მეცხრე ცაზე ავდიოდი, როცა მის რომელიმე მოთხრობაში ფეხბურთელის სახელს ამოვიკითხავდი (მაგალითად მარკო ვან ბასტენი „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებში“).
***
მგონი ყველა სარბიელელის სახელი ზეპირად ვიცი და როცა პირველად შევხვდი ერთერთ მათგანს, ხმა ჩამიწყდა. ალბათ, შეამჩნია კიდეც. ასე მეგონა, ჩემს წინ ცოცხალი ლეგენდა იდგა. მიხარია რომ ოცნების ნაწილი ამიხდა და სარბიელელი წერას მასწავლის…
***
ასეთი დონის გაზეთი, თან ისეთ დროში, როცა ხალხი არსებობისთვის იბრძოდა უნიკალური და ფასდაუდებელია. ვწუხვარ, რომ ჩემი თაობა სარბიელელთა შემოქმედებას კარგად არ იცნობს. სიტყვები არასდროს მეყოფა კითხვაზე პასუხის გასაცემად.
მით უმეტეს ამას წერს ახალი თაობის წარმომადგენელი და მით უმეტეს, გოგონა. იცის კარგად წერის ფასი, იცის მკითხველზე ზრუნვის ფასი…
დიდი მადლობა, თინათინ!