უცნაურად დაიწყო მე-15 ტური. ჩემპიონობის ორივე მთავარი მაძიებელი დამარცხდა: „ბათუმმა“ „ლოკომოტივთან“ წააგო, მოგვიანებით „დინამომ“ – „დილასთან“…
„ლოკომოტივი“ ბოლო დრომდე საშინაო მატჩებს „დინამო არენაზე“ ატარებდა, ახლა კი ზედიზედ მეორე მატჩია სტუმრებს საგურამოს ბაზაზე მასპინძლობს და წარმატებითაც. წინა ტურში „სამტრედია“ 3:1 დაამარცხა, ახლა „ბათუმი“ – 2:1.
რკინიგზელებმა მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგეს. მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დისკვალიფიცირებულია და ბოლო ხუთი მატჩია ისინი გიორგი დეკანოსიძეს გაჰყავს მოედანზე. შედეგი: სამი მოიგება, ერთი ფრე და ერთიც – მარცხი.
შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ესწრებოდა. ხუმრობა ხომ არ არის, ორივე გუნდში საივნისო განაცხადიდან ექვსი ფეხბურთელი ირჯებოდა. ბათუმელები: ლაზარე კუპატაძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი, ჯაბა ჯიღაური და რკინიგზელები: გიორგი მამარდაშვილი და გურამ კაშია.
სხვათა შორის, ორივე მეკარემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებით კუპატაძემ, რომელმაც პირველ 15 წუთში სამჯერ გადაარჩინა სტუმრები ნაღდ გოლს, თუმცა აქედან ორი ეპიზოდი მისსავე შეცდომებს მოჰყვა.
თავიდან ბათუმელები იგებდნენ ვლადიმერ მამუჩაშვილის ადრეული პენალტით, თუმცა მასპინძლები არ ისვენებდნენ და ამისათვის დასაჩუქრდნენ კიდეც. ჯერ კაშიამ გაათანაბრა, ეს გურამის მეოთხე გოლი გახლდათ სეზონში. შემდეგ კი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა გამარჯვებისა.
ზღვისპირელებს კი გაუმართლათ, რადგანაც უშუალო კონკურენტმა, „დინამომ,“ გორში წააგო და ისევ ლიდერებად დარჩნენ.
დინამოელთა თავკაცი, გიორგი ნემსაძე, გასულ სეზონში „დილას“ წვრთნიდა და ამჯერად ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩაიყვანა თავისი ბიჭები სათამაშოდ. მაგრამ სტუმრებს არაფერი გამოუვიდათ. გორელები შეუჩერებელნი იყვნენ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში „დილამ“ დაჯაბნა „დინამო“ და ეს უპირველესად მათი მწვრთნელის, ანდრი დემჩენკოს დამსახურება გახლდათ. 44 წლის უკრაინელი სპეციალისტის ხელში, შიდაქართლეელბი მშვენივრად გამოიყურებიან. გორელთაგან პაატა ღუდუშაურს გამოვყოფდით, რომელიც აქტიური იყო, თავიც გამოიჩინა და მეორე გოლის ორგანიზებაშიც მიიღო მონაწილეობა.
ტურის დანარჩენი მატჩები ორშაბათს და სამშაბათს გაიმართება. შემდეგ კი 9 ივნისამდე სანაკრებო პაუზა გამოცხადდება.
ლოკომოტივი 2:1 ბათუმი
0:1 მამუჩაშვილი (3 პენ), 1:1 კაშია (35), 2:1 სიხარულიძე (62)
დილა 2:0 დინამო
1:0 ღუდუშაური (70), 2:0 ბიძინაშვილი (74)
გუნდი თამაში მოგება ფრე წაგება ბურთები ქულა
ბათუმი 36 21 12 3 73:27 75
დინამო 36 21 7 8 59:28 70
დილა 36 17 10 9 48:35 61
საბურთალო 36 15 12 9 52:40 57
ლოკომოტივი 36 15 8 13 57:59 53
თელავი 36 12 8 16 35:53 44
სამგურალი 36 9 14 13 34:46 41
ტორპედო 36 9 13 14 38:44 40
შუქურა 36 5 12 19 28:49 27
სამტრედია 36 5 6 25 33:76 21
მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო) – 7, გიორგი ფანცულაია (ბათუმი), იური ტაბატაძე (საბურთალო) – 6