რის ჯეიმსი და ფრენკ ლემპარდი

ფრენკ ლემპარდი „ჩელსის” მწვრთნელის თანამდებობიდან იანვარში გაუშვეს. მას მერე, „ლურჯების” ყოფილ ვარსკვლავს ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ამას მან „დეილი მეილთან” ინტერვიუში უმუშევრობის ორი უპირატესობიდან ერთ-ერთი უწოდა. გასაგებია რატომაც: მუდამ დაკავებულს ოჯახისთვის დრო გაუჩნდა, ორი თვის წინ კი ვაჟიც შეეძინა. ლემპარდმა ვაჟს ფრედი დაარქვა.

მეორე უპირატესობა კი, რასაკვირველია, საკუთარი შეცდომების გადახედვა და ანალიზია.

ლემპარდმა თქვა: „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრ უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელს ველაპარაკე. მათმა უმრავლესობამ მითხრა, რომ თუ სამსახურიდან არ გაგაგდებენ, ისე მწვრთნელი ვერ გახდები. რასაკვირველია, თანამდებობიდან გაშვება დიდი დარტყმა იყო, მაგრამ თანდათან შევეგუე. ნამდვილად არ ვაპირებ, შინ ვიჯდე და სხვები ვადანაშაულო. ძირითადად ის მაინტერესებს, თუ რა შემიძლია უკეთ ვაკეთო”.

იანვარში, როდესაც ლემპარდი მოხსნეს, „ჩელსი” პრემიერლიგის ცხრილში მისთვის შეუფერებელ პოზიციებზე იყო, ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილს კარგავდა და ცუდად თამაშობდა. როდესაც ის თომას ტუხელმა შეცვალა, გუნდი გაყოჩაღდა — უკეთ ათამაშდა, დიდი შანსია ინგლისის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია.

„იმ დღეს, როდესაც „ჩელსი” ტუხელს ჩააბარეს, მე მას მესიჯი გავუგზავნე. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. მანაც ძალიან თავაზიანად მიპასუხა. არადა, მახსოვს, ერთი თვით ადრე, ვარჯიშზე რომ მივედი, ყველა იმას ლაპარაკობდა, თუ როგორ გაუშვეს ის „პარი სენ ჟერმენიდან”. რას იზამ, ასეთია ფეხბურთი. დღეს, „ჩელსის” ხალხი მეუბნება, რომ ტუხელი კარგი კაცია და გუნდისთვის ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადადგა”.

ლემპარდს, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 106 თამაში აქვს ჩატარებული, ტუხელის წარმატება არ შეშურებია. ასე განსაჯეთ, არც აბრამოვიჩისგან წყენია რამე. თავის მხრივ, აბრამოვიჩსაც არ წამოცდენია ლემპარდის მიმართ საყვედური.

„აბრამოვიჩის მიმართ მადლიერების გრძნობით ვარ განმსჭვალული. მან ჩემი კარიერისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. რასაკვირველია, სამსახურიდან გაშვებამ გული მატკინა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ საქმეს თავს გავართმევდი და მდგომარეობას გამოვასწორებდი. წინ ჯერ კიდევ იყო თამაშები, რომლებსაც ჩვენი გუნდი მოიგებდა და ქულებსაც დავაგროვებდით, მაგრამ სხვანაირად მოხდა. როდესაც გიშვებენ თავმოყვარეობა გელახება, ეს ადამიანური თვისებაა, მაგრამ გულუბრყვილო უნდა ვყოფილიყავი, რომ მგონებოდა, თითქოს მე წინა მწვრთნელებისგან განსხვავებულად მომექცეოდნენ.

რომ გამიშვეს, ბევრი გამამხნევებელი, ემოციური მესიჯი მივიღე. ზოგი მათგანი ამა თუ იმ დიდმა საფეხბურთო მოღვაწემ გამომიგზავნა, ზოგიც ფეხბურთელებისგან იყო. მათგან განსაკუთრებული კი რის ჯეიმსმა გამომიგზავნა. ის ზოგადად ენაწყლიანი კაცი არ არის, მაგრამ მისი მესიჯი გულში ჩამწვდა”.